საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა და ქართველი მოსამართლეების სანქცირების ფაქტზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ეს არა მხოლოდ სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების, ქვეყნის იმიჯის საკითხია და არ მოსწონს, როცა ამ იმიჯს ჩრდილი ადგება, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინ, როგორიც ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შეცდომების გამოსწორების დროა.
"არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა.
და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.
საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა, რატომ. ამიტომ სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.
ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში, ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება - კანდიდატის სტატუსის და ვშიშობ, აშშ-ს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი.
ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც - თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება სრული გამოძიება და თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს - არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.
მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი. და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე.
დღესვე ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამ შეხვედრის შემდეგ ელჩმა თქვა, რომ კორუფციაში მხილებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება არის შანსი საქართველოსთვის, აღმოფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში.
შალვა პაპუაშვილმა კი ამავე შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ "პარტნიორები ასე არ იქცევიან" და კიდევ ერთხელ მოითხოვა მტკიცებულებები ამერიკისგან, ქართველი მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ.
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.