Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარტნიორები ასე არ იქცევიან" - შალვა პაპუაშვილი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დიპლომატთან საუბრის შემდეგ სპიკერმა ილაპარაკა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ. როგორც პაპუაშვილმა საუბრის დასაწყისში განმარტა, ტერმინი სწორად არ არის გამოყენებული. ამასთან, ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და პარტნიორები ასე არ იქცევიან.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა, ეს ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, არ გამოიყენება, - შენიშნა მან და დაამატა, - ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან. ელჩმა გაიმეორა, რასაც საჯაროდ ვისმენდით - ძირითადად, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებით [მტკიცებულებები], როგორც ჩანს, არ არსებობს. არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში [გამოქვეყნებული ინფორმაცია], რომლებიც ყველამ ჩვენ ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია არის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება (მართალია, გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ), ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა, მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივი პარტნიორი. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ სხვადასხვა წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს თუ ავღანეთში“.

პაპუაშვილი განაცხადა, რომ ელჩთან შეხვედრაზე იმედგაცრუება გამოთქვა. მისი თქმით, ამ საკითხით სარგებლობენ რადიკალიზმის გაღრმავების მსურველები.

პარლამენტის თავმჯდომარესთან თითქმის 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ განიხილეს სასამართლო სისტემის რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხები, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.

XS
SM
MD
LG