შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილეებმა ჟურნალიტებთან ლაპარაკი არ ისურვეს. ექიმები კი ამბობენ, რომ "შეხვედრა იყო მწვავე".
"ბევრი მწვავე კითხვა დაისვა, დაიგეგმა მომავალი შეხვედრები, შედგება სამუშაო ჯგუფი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ერთი და ორი შეხვედრით ვერ შემოიფარგლება და ვერ გადაწყდება ის მთავარი საკითხები, რაც ჩვენ, ქვეყანას აწუხებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, სამინისტროს ყველაზე უფრო", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ, რომელიც ახლა კლინიკური დირექტორის მოვალეობას ასრულებს.
ექიმების თქმით, პირველ შეხვედრაზე ექიმებმა და ჩინოვნიკებმა ერთმანეთს პოზიციები და მოთხოვნები გააცნეს, თუმცა არანაირი გადაწყვეტილების მიღების ან დაპირების შესახებ არ თქმულა.
"სანამ არ იქნება სარწმუნო და დასაბუთებული დაპირება, რომ კოლექტივი უწყვეტ რეჟიმში და უცვლელი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას, პროტესტი გაგრძელდება", - ამბობს კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი დუნდუა.
შეხვედრას ესწრებოდა კლინიკის დირექტორი ზაზა ავალიანიც, რომლის გადადგომას მედპერსონალი ითხოვს.
"ბატონ ზაზას კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია, დაესწრო შეხვედრას და მერე წაყვა [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს]... ჩვენ დავაფიქსირეთ კვლავ ღიად, რომ არ ვაპირებთ მასთან თანამშრომლობას", - ამბობს გიორგი დუნდუა.
სამედიცინო პერსონალი არ ელოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკაში მათთან შესახვედრად დღეს მივიდოდნენ. ექიმების თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეების კლინიკაში ვიზიტის შესახებ მათ დილის 10:00-სთვის შეატყობინეს.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყება ღია დიალოგისთვის მზადაა.
22 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი, "სად და რა კონცეფციის" რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება დაახლოებით 2-2,5 წელში.
"ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს.
ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის - სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ", - თქვა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის განცხადებას "რესპუბლიკურის" ექიმების პროტესტი მოჰყვა, მანამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეკონსტრუქციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.
ექიმების მოთხოვნაა, მთავრობა კლინიკის რეკონსტრუქციის იდეაზე შეჩერდეს, ან თუ გადაწყდა, რომ ახლის აშენებაა საჭირო, ის ახალიც ამავე ტერიტორიაზე, უკვე არსებული კლინიკის გვერდით აშენდეს, ისე, რომ მანამდე ექიმებმა ძველ შენობაში მუშაობა შეძლონ.
27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე "რესპუბლიკური", 1973 წელს გაიხსნა. 24-საათიან, მრავალპროფილურ საავადმყოფოს, 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში პაციენტებს 20-ზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან, რასაც ლაბორატორიაც ემატება.
საავადმყოფო თბილისის ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.