Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მან მაშინ თქვა, როდესაც კითხვა დაისვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის წევრებმა ამ საქმეზე განმარტება და განცხადებები უკვე გააკეთეს, შემდეგ კი განაგრძო:

"მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითიდღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა".

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

  • რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვლადიმირ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
  • კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
  • თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG