Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ ხალხის სახე არ მავიწყდება" - ესებუას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პოლიციელი გალდავა


ავთანდილ გალდავა ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე
ავთანდილ გალდავა ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე

ზუგდიდის სასამართლოში დღეს "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა დაკითხეს.

"შეიძლება ცოტა ემოციური ვარ", - მან ეს სიტყვები რამდენჯერმე თქვა სხდომაზე, როცა იხსენებდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2020 წლის 21 ოქტომბერს - იმ დროიდან, როცა დანაშაულის შესახებ შეიტყო - იმ დრომდე, სანამ ბოლო მძევალიც არ გაათავისუფლა.

ზარი 112-ში და პირველი რეაგირება

ავთანდილ გალდავას თქმით, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალთან მისვლამდე მას არაერთმა ჟურნალისტმა და თანამშრომელმა დაურეკა - მათი თქმით, თავდამსხმელი ითხოვდა სახელმწიფოს წარმომადგენელ მაღალჩინოსანთან კომუნიკაციას. მისი თქმით, რამდენიმე მოქალაქემ დარეკა 112-ზეც და იგივე მოთხოვნა გააჟღერა.

"მაქსიმალურად გამოვიძახე ყველა დანაყოფი, როგორც სპეცები [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი], ისე სამაშველო... საპატრულოს ხელმძღვანელობას ვთხოვე, ყველა ჯგუფი ჩაეხსნა შემოვლებიდან, გამოეწია, რადგან გვჭირდებოდა პერიმეტრის დაცვა. მოქალაქეების ძალიან დიდი ყურადღება იყო - ალბათ, ვინმეს ახლობლები იყვნენ. ვეცადეთ ეს ხალხი გადაგვეწია თხოვნით, მუდარით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რასაც დიდი დრო დაჭირდა..." - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის იმ მოადგილესთან (ვლადიმერ ბორცვაძესთან), რომლის საკურატოროშიც შედის სამხარეო პოლიციის განყოფილებები. სწორედ მისი მითითებით დაიწყო დამნაშავესთან კომუნიკაცია.

პირველი კომუნიკაცია დამნაშავესთან

როგორც სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი იხსენებს, თავდამსხმელთან დაკავშირება მძევლების ტელეფონით სცადა, ნომერი კი 112-ზე შესული ზარებიდან მოიძია.

"მომაწოდეს ერთი ნომერი, რომელზეც მიპასუხა ერთმა ქალბატონმა, საკმაოდ ემოციური იყო - ტიროდა, შველას ითხოვდა", - აღნიშნა გალდავამ და თხრობა რამდენიმე წამით შეწყვიტა, - "შეიძლება ცოტა ემოციური ვარ, მაპატიეთ..." - თქვა მან და განაგრძო: "ვუთხარი] ვარ ავთანდილ გალდავა, სამხარეოს უფროსი, თუ ისურვებს ჩემთან საუბარს, დამელაპარაკოს. თუ ჩემზე მაღალი რანგის უნდა, ეგეც გვითხრას"...

გალდავას თქმით, ეს მძევალი მძიმე ემოციური ფონის გამო დამნაშავესთან დაკავშირებაში ვერ დაეხმარა, რის გამოც 112-დან სხვა ნომრის მოძებნაში დახმარება ითხოვა. დავით ხვიბლიანი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო გათავისუფლებული მძევალია, აღმოჩნდა ადამიანი, რომლის დახმარებითაც პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის მოთხოვნების მოსმენა.

"მინდოდა პირდაპირ კავშირზე გავსულიყავი, [ხვიბლიანს] ვუთხარი ხმამაღლა ჩაერთო. უკვე გავედი კავშირზე - ვუთხარი ეთქვა სახელი, გვარი და რა უნდოდა. ამაზე ირონიული პასუხი იყო - "სახელს და გვარს კი არა, ბევრ რაღაცას გეტყვი"... მითხრა, "მოიტანეთ 500 ათასი, ასევე ვერტმფრენი, რომ შევძლო აქედან წასვლა. მანამდე ერთი მძევალი არ გამოვა აქედან", - იხსენებს გალდავა.

მისი თქმით, ცდილობდა დრო გაეჭიანურებინა და ნაკლები ყურადღება გამახვილებულიყო თანხაზე:

"ვეუბნებოდი, "შენ გადმოდგი ნაბიჯი, მძევლები გამოუშვი". ეს ჭიდაობა და ვაჭრობა იყო, რასაც თავიდან ვერ მივაღწიეთ... [ვერტმფრენზე] დაფიქრდა და მითხრა, "პოლიციის მანქანა იყოს"...

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს სამხარეო პოლიციის უფროსმა კიდევ ერთხელ დაურეკა. უთხრა, რომ არ აპირებდა მძევლების გამოშვებას, უნდოდა ფული და გარანტია, რომ ტერიტორიას უსაფრთხოდ დატოვებდა.

"ხმამაღლა მქონდა საუბარი და ვიწერდით დიქტოფონით ჩვენს ყველა შეთანხმებას, მოთხოვნას თუ მოქმედებებს... მეუბნება, "ძალიან მალე, დრო ძალიან ცოტა გაქვთ", მეც ვეუბნებოდი, რომ 500 ათასი დოლარის მოტანა მარტივი არ არის. ვუხსნიდი მისთვის გასაგებ ენაზე. ხშირად ყვირილში გადადიოდა - "ბიჭო, რასაც გეუბნები, ის გააკეთე"...

იყო მონაკვეთები, როცა მშვიდდებოდა და ერთხელ თუ ორჯერ დამყვა იმაზეც, რომ რამდენიმე შიგნიდან გამოეშვა. ავუხსენი, რომ "ამ ხალხს ოჯახის წევრები ჰყავს, რომლებიც აგრესიულები არიან და შეიძლება შემოვარდნენ კიდეც შიგნით... გამოუშვა რამდენიმე", - თქვა მოწმემ.

თანხის მიტანა

გალდავა იხსენებს, რომ თანხის საკითხზე "საქართველოს ბანკი" თავად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - უთხრეს, რომ თანხის მისაცემად დიდი დრო არ დასჭირდებოდა - ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო ქუთაისიდან.

"ვეუბნები მას, "თანხა წუთი-წუთზე ჩემთან იქნება, წამოსულია ქუთაისიდან, სენაკი გამოიარა, კობი გამოიარა" - ამ ყველაფერს ვეუბნებოდი. რაზეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, ეგონა დროს ვწელავდი და არ ჯეროდა. რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ იმდენად გულწრფელი ვიყავი, დაიჯერა, რომ მართლა მოდიოდა...

მოიტანეს ეს თანხა. კავშირზე ვიყავით მე და ეს ბატონი, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის. მითხრეს, რომ თანხა მოტანილია და შემეძლო მეთქვა, დამშვიდებულიყო, როგორ და რა ფორმით მიგვეწოდებინა", - თქვა ავთანდილ გალდავამ.

თადამსხმელთან პირისპირ შეხვედრა

მოწმემ თქვა, რომ დამნაშავის მოთხოვნა იყო, თანხა მასთან მიეტანა პოლიციელს, საუბრის დროს კი დააზუსტა, რომ პირადად ის უნდა ყოფილიყო და აუხსნა რა უნდა ექნა.

"წამოიყვანე პიკაპი - მეუბნება, "ოღონდ ისე არ ქნა, რომ საწვავი არ იყოს, ცხვირის მიმართულება უყურებდეს სამხარეო ადმინისტრაციას, ოთხივე კარი გააღე ისე, რომ შუქი აინთოს, ჩამკეტები ჩამოუწიე ისე, რომ ჩაიკეტება, შიგნიდან ვერ გაიღოს"...

მივედი, დავაყენე მანქანა როგორც უნდოდა. [მითხრა] შემოდი და ამოდი ზემოთ. მეორე სართულზე, მარცხენა მხარეს კიბიდან დავინახე ჩაბნელებული ოთახი, გარედან შუქი შემოდიოდა, ვხედავდი ხალხის სილუეტს. თვითონაც დავინახე, ავტომატით ხელში, ჩამოკიდებული ჰქონდა, ერთ ხელში ხელყუმბარა ჰქონდა. მითხრა, შიგნით არ შევსულიყავი", - უთხრა მოსამართლეს სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა.

ფულის გადაცემა

გალდავა ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალში შესვლის დროს მაისური ეცვა, რადგან თავდამსხმელი ადვილად მიმხვდარიყო, რომ შეიარაღებული არ შევიდა. ფული მის თვალწინ დათვალა და გადასცა:

"მკითხა იარაღით თუ ვიყავი. შეგნებულათ ისე წავედი, მაისური მეცვა, ავიწიე - შევახედე. ფეხზეც ავიწიე - ვუთხარი, "არაფერს ვმალავ, სისულელეა აქ რაღაცების გარისკვა, გმირობანას თამაშს არ ვაპირებ, აქ ძალიან ბევრი ხალხია... მითხრა, ფული მომიტანეო და ჩვენ შორის დაშორება ერთი მეტრიც არ იყო"...

"ამ ხალხის სახე არ მავიწყდება" - მძევლების ნაწილის გათავისუფლება

გალდავა ამბობს, რომ ფულის გადაცემის შემდეგ მძევლების გაშვება ითხოვა. მისი თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელს უნდოდა 15-მდე ადამიანი დაეტოვებინა, თუმცა გადააფიქრებინა.

"ამ ხალხის სახე არ მავიწყდება... ჩაამწკრივა ხალხი და უთხრა, გადით - "ჩვენთან დარჩება 10-15 კაცი". ვერ მივხვდი მიზანს. ვეკითხები "რატომ"?.. "პიკაპზე აპირებ ამ ხალხის დაჯენას"?.. დიდი ალბათობით, ემოციების ქვეშ იქნებოდა, პატარა რაღაცას არ აკეთებდა.

მითხრა, რომ "შენთან ერთად კიდევ წამოვა სამი მძევალი და წავალთ ერთად". ჩემი თხოვნა იყო, მარტო მე წავყოლოდი"... - თქვა გალდავამ.

​ბანკიდან გამოსვლა

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელსაც დამნაშავესთან რამდენიმე საათის განმავლობაში პირისპირ კომუნიკაცია ჰქონდა, ამბობს, რომ მხოლოდ ერთ მძევალს, დავით ხვიბლიანს არ ჰქონდა ხელები ხამუთით შეკრული - მოგვიანებით სწორედ ის დასვა პოლიციის მოყვანილი მანქანის საჭესთან. გალდავა ამბობს, რომ თავდამსხმელი ეჭვობდა, რომ მას პოლიცია დაედევნებოდა.

"დაბლა დაინახა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიჭები ხეებთან, დაინახა საპატრულოს და კრიმინალურის თანამშრომლები და ამაზე დაიძაბა და მითხრა: "ნახე, რამდენი ხალხია და შენ იძახი არ გამოგყვებაო", - იხსენებს თავდამსხმელთან კომუნიკაციას საქმის მოწმე.

გზა წალენჯიხისკენ

მანქანაში მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი იყო. თავდამსხმელი მძევლებთან ერთად უკანა სავარძელზე იჯდა - მარცხენა კართან გალდავა იყო, მარჯვენასთან კი თვითონ - "ამბობდა] სულ რამდენიმე წუთში დაგიმტკიცებ, რომ ჩვენ მოგვყვებიან"... გლადავას თქმით, თავდაპირველად სოფელ სქურთან მივიდნენ.

"ზემოდან დრონის ხმა გავიგე, ალბათ, ჩვენების გამოგზავნილი იყო. ხვიბლიანსაც ვამჩნევდი, რომ ესმოდა, [ჩემ წინ იდგა] თვალებით მანიშნებდა, რომ ამეხედა. არ ავიხედე, შეგნებულად ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი მისი მისამართით, რომ როგორმე დრონის ხმა გადამეფარა. არ ვიცოდი, დრონის დანახვაზე ან ხმის გაგონებაზე, ამხელა რისკზე რომ კაცი მიდის, რას იზამდა.

ამ დროს გამოჩნდნენ მანქანები, ამ დაღმართზე ჩამოდიოდნენ. მისი რეაქცია იყო - "გითხარი, ბიჭო, რომ მოგვყვებიან". აგრესიული ტონით. ჯერის სროლის ხმა გაისმა და ველოდებოდი, რომ რომელიმე დავვარდებოდით. შევხედე, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და საკმაოდ უხამსად დედის მისამართით ყველას აგინებდა, რომ "მანქანები უკან გაიყვანეთ და მოშორდით", - იხსენებდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე.

გალდავას თქმით, ამის შემდეგ თავდამსხმელმა აგრესიული ტონით დაიწყო ლაპარაკი:

"ვუთხარი, რომ "ამ ხალხის გამო ყველაფერს ვაკეთებ. ოჯახი და დედა ჩემთვის ყველაფერია, ღმერთი არ გაგიწყრეს და არ შემაგინო". არ შეგაგინებო, მითხრა, არც შეუგინია. "კიდევ ერთხელ მოხდება მსგავსი რამ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. რა მოხდება, ვერ ვიტყვი" - მეუბნება..."

მისი თქმით, ამის შემდეგ დაუკავშირდა მინისტრის მოადგილეს და სთხოვა არავინ დადევნებოდა მათ, რისი პირობაც მიიღო.

პოლიციის გადამოწმება

რამდენიმესაათიანი სიარულის შემდეგ პოლიციის მანქანა, რომელშიც გამტაცებელი და ოთხი მძევალი იჯდა, ავტობუსის მოსაცდელთან შეჩერდა. თავდამსხმელმა მძღოლს სამხარეო პოლიციის უფროსის ტელეფონი იქ დაატოვებინა და შემდეგ უღრანი ტყისკენ წასვლა მოითხოვა.

"ზემოთ ავედით, მანქანა მოაბრუნებინა... ცოტა ხანი ვიდექით იქ. მშვიდად იდგა... უცბად, მოულოდნელად მანქანაში ხტება და ეუბნება ხვიბლიანს, დაეშვი რაც შეიძლება სწრაფად, სადაც ტელეფონია. მივხვდი რასაც აკეთებდა - ამოწმებდა, მოგვყვებოდნენ თუ არა. თუ ჩემი ტელეფონი კონტროლზე იყო აყვანილი - მარტივი ლოგიკა იყო, თუ ჩამოგვყარა მანქანიდან, დავრეკავდი და ვეტყოდი, მოდით და მოგვხედეთ. მე არ ვრეკავ, ტელეფონი გაჩერებულია - გათვლა იყო ან ჩვენები იფიქრებდნენ, რომ მკვდრები ვართ, ან არ ვიცი მის თავში რა იხარშებოდა.

იქ არავინ არ იყო. იმ მომენტში, როცა უთხრა ჩადიო, მეც შემეშინდა. იყო ალბათობა იმისა, რომ იქ ბიჭები ყოფილიყვნენ. ალბათ, უნდა ყოფილიყვნენ. მადლობა უფალს, რომ არ იყვნენ", - თქვა გალდავამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტელეფონი ადგილზე დახვდათ, "მეუბნება, მართლა ჰყვარებიხარ შენ ამათო. მიხვდნენ, რომ კარგს არაფერს იზამდნენ, რომ გამოგვყოლოდნენო".

მძევლების გათავისუფლება

გალდავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს ტელეფონი უცვლელ ადგილზე დახვდა, მოდუნდა და მძღოლის გვერდით გადაჯდა:

"ხელი მოვარტყი - ხომ არ გეძინება-მეთქი. ვუთხარი არ ჩაგეძინოს-მეთქი. ნერვიულობო [მკითხა] - კი, გახსნილი ხელყუმბარა ხელში გიჭირავს-მეთქი..."

სამხარეო პოლიციის უფროსი ვარაუდობს, რომ ის ადგილები, სადაც თავდამსხმელის მითითებით მიდიოდნენ, მისთვის ნაცნობი იყო. კაცმა მძევლები ერთ-ერთი მდინარის სანაპიროდან გაათავისუფლა - გარეცხა საფენები და მძღოლს სკამი, რომელზეც ის იჯდა, სველი ნაჭრით გააწმენდინა.

"მითხრა წადით, ოღონდ გაფრთხილებ, სანამ ჩემს თვალს არ მოშორდები, გმირობანას თამაშს ნუ დაიწყებ, უკან გამოდევნებას არ შეეცადოო. მეც გზა მშვიდობისა ვუსურვე და ისიც შევპირდით, რომ აუცილებლად მოვათავსებდით საბრალდებო სკამზე... ჩვენი მოგზაურობა ამით დამთავრდა", - თქვა მოწმემ, პოლიციის მაღალჩინოსანმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG