Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი „საქართველოს ბანკმა” გასცა - ესებუას საქმეზე მოწმეები იკითხებიან


ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლო პროცესზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლო პროცესზე.

თავდამსხმელის მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი „საქართველოს ბანკმა” გასცა - ესებუას საქმეზე მოწმეები იკითხებიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს, 17 მარტს გამართულ სხდომაზე 13 მოწმე დაკითხეს, მათ შორის 2020 წლის თავდასხმის მძევლები, გამომძიებლები და ექსპერტები. დღევანდელ სხდომაზე მოხდა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილის შესწავლაც. მოწმის სახით გამოკითხულ „საქართველოს ბანკის” შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელს, იურისტ ლაშა სიხარულიძის ჩვენებით, 2020 წლის 21 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თავდასხმის შესახებ თბილისიდან ზუგდიდში დაუყოვნებლივ ჩავიდა, რათა მძევლების უსაფრთხო გათავისუფლების პროცესში ჩართულიყო. ის ამბობს, რომ მონაწილეობდა უშუალოდ თანხის მოძიების პროცესში, რომელიც თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა.

როგორც ლაშა სიხარულიძემ აღნიშნა, თანხა, 500 ათასი დოლარი „საქართველოს ბანკმა” გამოყო. კერძოდ, ქუთაისის ფილიალიდან ჩაიტანეს ზუგდიდში. ადვოკატის შეკითხვაზე - დაზარალდა თუ არა ამ ქმედებით ბანკი, მოწმემ აღნიშნა, რომ გაცემული თანხა ბანკისთვის არავის აუნაზღაურებია და მას ზიანი ნამდვილად მიადგა.

„თუმცა ჩვენთვის მთავარი იყო მძევლების გათავისუფლება, მათი სიცოცხლე. მთელი ბანკი მოტივირებული იყო პირველ რიგში მხოლოდ ამაზე”, - აღნიშნა მოწმემ. დაზარალებულმა ნანა ზაქარაიამ, რომელიც „საქართველოს ბანკის” მოლარე-ოპერატორია, თქვა, რომ თავდასხმისას ის ორსულად იყო და ამ ფაქტიდან მალევე, მიღებული სტრესის გამო, ორსულობა შეუწყდა.

„ვიყავი მაგიდის ქვეშ შემძვრალი. მან დამიმიზნა იარაღი და მითხრა გამოვსულიყავი….ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი…მახსოვს შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა - მაშინ როცა შემოვიდა და შემდეგ შიგნით”, - განმარტა მოწმემ.

ემოციების გარეშე ვერ გაიხსენა თავდასხმის დღე „საქართველოს ბანკის” უფროსმა მოლარემ, ლია სიჭინავამ. მან აღნიშნა რომ თავდასხმის დღეს ბანკის მეორე სართულზე მუშაობდა და გაიგონა გასროლის ხმა.

„მახსოვს, მომხმარებელს ვემსახურებოდი, როცა ჩოჩქოლი ატყდა და გასროლის ხმა გაისმა. ჩვენ არც ვიცოდით ქვევით რა ხდებოდა. ყველა შეშინებული იყო, ყველა დასტრესილი”, - აღნიშნა ლია სიჭინავამ. მისი ჩვენებით, მოგვიანებით, შენობის ბოლო სართულიდან, საავარიო კიბით შეძლეს ბანკის დატოვება.

„ისე ვიყავი შეშინებული, პირდაპირ გადახტომისთვისაც მზად ვიყავი”, - აღნიშნა ლია სიჭინავამ. მოწმის სახით დღეს გამოიკითხნენ ექსპერტ-კინოლოგი ასლან ზამბარაძე და ექსპერტი ბონდო ანთაძე. მათ დაადასტურეს, რომ ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის სუნის და ხმის ნიმუშების აღებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მათი თქმით, პროცესს ადვოკატებიც ესწრებოდნენ. გამოიკითხა ოდოროლოგიის ექსპერტი გიორგი ტაბატაძეც, რომელმაც გამოიკვლია საქმეში არსებული სუნის ნიმუშები. თქვა, რომ ბადრი ესებუას სუნის ნიმუში ემთხვევა საქმეში არსებულ ანალოგიურ მასალებს, რომლებიც შეაგროვეს უშუალოდ „საქართველოს ბანკსა“ და ორ ავტომანქანაში. ერთი, რომლითაც მივიდა თავდამსხმელი ბანკამდე და მეორე, რომლითაც მძევლების თანხლებით დატოვა შემთხვევის ადგილი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი.

ადვოკატი იოსებ ჯანაშია ჯანაშია აცხადებს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სუნის ექსპერტიზა მათი წარმომადგენლის გარეშე ჩატარდა. ამასთან არ არსებობს ამ პროცედურის ამსახველი ვიდეომასალა, რაც აჩენს ბევრ კითხვას: „გამოდის რომ ჩვენ უნდა ვენდოთ მხოლოდ ბატონ გიორგი ტაბატაძის სიტყვებს, რომ მან ჩაატარა ექსპერტიზა და მიხვდა რომ ძაღლმა ამოიცნო რაღაც სუნი… დღეს დადასტურდა ის, რომ სახელმწიფო მომართულია, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციით შეკრას ისეთი ფონი, რომლითაც სასამართლოს დაარწმუნებს ბადრი ესებუასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში", - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

პროკურორ მირანდა წერეთლის თქმით, მოწმეების ჩვენებებით და საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება ბადრი ესებუას ბრალეულობა მოცემულ საქმეში.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 20 მარტს 12:00 საათზე გაიმართება. 2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რაც შეეხება ესებუას მიმალვის მიზეზს, ადვოკატ იოსებ ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა მისი სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო. შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა, მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG