ბადრი ესებუამ ფულის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა - ეს უთხრა სასამართლოს ერთ-ერთმა მოწმემ, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომელემა გიორგი ქადარიამ. დღევანდელ, 13 მარტის სხდომაზე, ხუთი ადამიანი გამოიკითხა, მათ შორის ქადარია, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ესებუას დაკავების პროცესში.
"[გავიგონე] ესებუამ თქვა, რომ თანხის ნაწილი დაკარგა, ნაწილი კი დახარჯა", - უთხრა სასამართლოს მოწმემ.
"თქვენ გაიგონეთ, ბატონო გიორგი, რომ მე ეს ვთქვი?!." - ჰკითხა ბრალდებულმა ესებუამ მოწმეს, მისი თანხმობის მოსმენის შემდეგ კი დაამატა: "ისე აგიდგათ გვერდები".
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა სასამართლოს მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 15 მარტს გაიმართება. მომდევნო სხდომაზე ერთ-ერთი დაზარალებული დავით ხვიბლიანი დისტანციურად დაიკითხება, რადგან იმყოფება საზღვარგარეთ. პროკურატურა აცხადებს, რომ კიდევ ათეულობით მოწმეა გამოსაკითხი.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა.
ბადრი ესებუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. მოგვიანებით კი ჩხოროწყუს მიმდებარედ სიბნელეში გაუჩინარდა.