Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო


პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. 14 მარტი, 2023 წელი
პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. 14 მარტი, 2023 წელი

შსს-ს განცხადებით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამო ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

პარლამენტის წინ აქცია გამართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.

ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა, ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა და პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო.

ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა - ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.

XS
SM
MD
LG