Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დღეს ორჯერ დავკარგე გონება... სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ


მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ გონების კარგვის ეპიზოდები აქვს და ელოდება მასთან ევროპელი ექიმების შეშვებას, რაც მისივე თქმით, ყოვნდება.

"არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთო და ეს საქმე უკვე 10 დღეა, ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას ვიბრძოლებ", - წერია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

თავის წერილში სააკაშვილი მიმართავს ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს: "მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენებას, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი.

მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს.

ძალა ერთობაშია და აქტიურობაში. ახლა პაუზების აღების დრო ნამდვილად არაა, დიდება ჩვენს ახალგაზრდობას, დიდება ყველა გულანთებულ უშიშარ პატრიოტს".

გუშინ, 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ ერთი კვირაა, პოლონელ ექიმებს ექმნებათ ბიუროკრატიული ბარიერები, რის გამოც ყოვნდება მათი ვიზიტი საქართველოში. ჩალაძის თქმით, ვიზიტის მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.

2 მარტს ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG