პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი სიტყვებით, პროცედურულად, მსგავსი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება და თუ მხარე გადაწყვეტს, საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა მიხეილ სააკაშვილს, მასთან კლინიკა "ვივამედში" ყოფნისას.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი განიხილავდა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სხდომას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.
შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში 21 თებერვალს გაასაჩივრა.
განახლება
მასალის გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად
"სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.