Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე 


ევროკავშირის სახელმწიფოთა დროშები ევროპარლამენტთან
ევროკავშირის სახელმწიფოთა დროშები ევროპარლამენტთან

ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებაზე.

ლიეტუველმა დეპუტატმა, "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის წარმომადგენელმა რასა იუკნევჩიენემ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოში ყველა პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს და ნუ მოახდენენ საკუთარი ქვეყნის მომავლის საბოტაჟს.

ჩეხი ევროპარლამენტარი, ფრაქცია „მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ეს სიგიჟე და „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვა. გრეგოროვამ ტვიტერზე დაწერა, რომ ტაშს უკრავს მამაც ხალხს.

ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იყო ბევრი სიტყვიერი თავდასხმა მისი პარტიის პოპულარობის შესახებ, რომელსაც 40% არ აქვს. გრეგოროვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არასდროს გამოუყენებიათ.

  • 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
  • პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
  • კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.
  • დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. მათ შორისაა პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG