პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პასუხი არ გასცა შეკითხვას აშშ-ის საელჩოს შეფასებაზე, რომ "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა".
საელჩოს ეს განცხადება მოჰყვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ "დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის":
"ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის".
დღეს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, შსს-მ სპეციალური საშუალებებით დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა.