Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მარტს აქცია დაიგეგმა - „აგენტების“ პროექტზე ოპოზიციასთან შეხვედრა დასრულდა


ოპოზიციასთან შეხვედრა სასტუმრო „შოთაში".
ოპოზიციასთან შეხვედრა სასტუმრო „შოთაში".

სასტუმრო „შოთაში" გაიმართა პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. მათ განიხილეს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, 7 მარტს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. ბიუროს სხდომა, რომელმაც უნდა განსაზღვროს პლენარული სესიის დღის წესრიგი 10:00 საათზე არის დანიშნული.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა.

ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს იმას, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ეს საფრთხე არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატი მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს. „მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უპირველესი და ის, რომ არ შეიძლება რუსული კანონის მიღება, ჩვენ ყველას გელოდებით ხვალ, 09 :00 საათზე, პარლამენტთან, იმიტომ რომ ხვალ 10:00 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთი. გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და პარლამენტის გარეთ“, - თქვა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა იყოს ერთობა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების და ყველა ადამიანის, რომელსაც აქვს პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს არის რუსული კანონი, რუსული გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას და დავრჩეთ მყარად ევროპულ მიმართულებაზე, რასაც ყველანაირად უშლის ხელს ეს კანონი. ამიტომაც საჭიროა, აქტიურობა იყოს საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის, რადგანაც ეს კანონი ეხება მათ უპირველეს ყოვლისა“, - თქვა გიორგი კლდიაშვილმა. მისი აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

შეკითხვაზე, ხვალიდან რა ნაბიჯებს გადადგამთ ერთობლივად არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, კლდიაშვილი პასუხობს: „ხვალ დილიდან დაიწყება საპროტესტო აქცია, ისევე როგორც იყო დღეს, რადგან არის ბიუროს სხდომა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება პერმანენტული აქციები, რომელიც იქნება მზარდი რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის კანონის ფარგლებში“.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება.

6 მარტს, დილიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

XS
SM
MD
LG