გადაიდო პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე იყო დანიშნული. იგი ხვალ, 10:00 საათზე, გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სხდომის გადადების მიზეზია ბიუროზე განსახილველი საკითხების მოუმზადებლობა. მათი თქმით, ბიუროზე გასატანი საკითხები მზად არ არის, რადგან კომიტეტის სხდომა ჯერ არ დასრულებულა.
პარალელურად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს დილიდან დაპირისპირების ფონზე დაიწყო. სხდომაზე განიხილავენ მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.