საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ხალხის ძალის" მიერ "უცხოეთის აგენტების შესახებ" ინიციირებული კანონპროექტების განხილვისას დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ ქართული საზოგადოებისთვის არასწორად არის განმარტებული ამ კანონის მიღების აუცილებლობა. თუკი შეერთებული შტატებისთვის გასული საუკუნის 30-იან წლებში ეს იყო ეროვნული უსაფრთხოება, დღეს ქართველი დეპუტატები საზოგადოებას ამ კანონს გამჭვირვალობის არგუმენტით სთავაზობენ. თეონა აქუბარდიას თქმით, რეალური მიზანი ამ კანონის არ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა, ვინაიდან დღეს საქართველოში ამის პრობლემა იმ სექტორებში, როლებსაც კანონპროექტები შეეხება, არ დგას და თუკი მეტი გამჭვირვალობაა სასურველი, ამას საგადასახადო კოდექსში, ლობიზმისა და გრანტების შესახებ კანონებში ცვლილებებიც ეყოფოდა. აქუბარდიამ გურამ მაჭარაშვილს, რომელიც წარადგენდა კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტში, უთხრა, რომ კანონის მიზანი მათთვისაც რეჟიმის უსაფრთხოებაა და სასურველია, ეს პირდაპირ ითქვას.
"თქვენი მოტივი, ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ არის გამჭვირვალობა, მაშინ, როცა ამერიკული კანონის მიზანი არის ეროვნული უსაფრთხოება. მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ გამჭვირვალობის მიზნით ამ კანონის მიღება ამ დროს, ამ ფორმით, როდესაც საქართველო ელოდება გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ აქ პარლამენტში ვცდილობთ 12 რეკომენდაცია შევასრულოთ, ევროკავშირი გვეუბნება, რომ 12 რეკომენდაციიდან 2-ს მინიმუმ არღვევს და მე დავამატებდი მესამეს, დეპოლარიზაციას. საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ განხილვაც კი დააზიანებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსის საკითხს, არათუ დამტკიცება. თუ გამჭვირვალობა არის თქვენი გულწრფელი მიზანი, რაც მე ვფიქრობ, რომ ყალბი მიზანია, რატომ არ წახვედით საგადასახადო კოდექსში ცვლილებების გზით, მათ შორის გრანტების და ლობიზმის კანონის გზით. ჩვენ სამი კანონი გვაქვს, რითიც ეს ყველაფერი რეგულირებულია გადასარევად და იცით, რომ საგადასახადო სამსახურში ნებისმიერი გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მიდის.
თქვენ, როგორც დეპუტატს, თუ ვლაპარაკობთ გამჭვირვალობის დიადი იდეიდან მაშინ, როდესაც უფსკრულში მიექანება ჩვენი ევროპული საგარეო კურსი და ჩვენი დემოკრატია თქვენი ინიცირებული კანონპროექტით, რატომ არ გაწუხებთ ის, რომ ყველაზე საგანგაშოდ დაბალ დონეზეა თქვენი მმართველობის დროს. აგერ, დეპუტატი ვარ და ამდენი ხანია, პასუხებს ველოდები სამინისტროებიდან სადეპუტატო კითხვებზე და აღარ იძლევიან.
დღეს რატომ არის ასეთი საჭირო ეს გამჭვირვალობა, თუ არა 2024-ის მოახლოებული არჩევნები? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უსაფრთხოების საკითხი უნდა იყოს, რატომ არ არქმევთ ამას ეროვნული უსაფრთხოების, "ქართული ოცნების", რეჟიმის უსაფრთხოების დამცავ კანონს? ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, რომ 2024-ში არავინ გაგაკრიტიკოთ, იმიტომ რომ ყველა ჯაშუშებად იქნებიან გამოცხადებული. პირდაპირ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" უსაფრთხოების კანონი", - თქვა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიამ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ამ პოლიტიკური ჯგუფის განმარტებით, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია, არასწორად აიდენტიფიცირებს საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც, მათ შორის მათ, ვინც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში ეხმარება საქართველოს, საფრთხედ მიიჩნევს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.