პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტებს, რომელთა განხილვა დღეს უნდა გაიმართოს.
ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
"ეს კანონი აისახება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომდგენელზე და მედიაზე, ვინც ადამიანის უფლებების თუ სხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენ პირადად ვმუშაობთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის საკითხებზე, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან იღებენ დახმარებას, ვერ მიიღებენ ამ დახმარებას", - ამბობს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეკა ჭითანავა.
დღეს დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მწვავე პროტესტს იწვევს.
მანამდე პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.
მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.
ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც მიიჩევენ, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტები რუსულია.