Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს


ბათუმელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ
ბათუმელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს.

აქციის მონაწილეებმა საჯაროდ წაიკითხეს მიმართვა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების - რესან კონცელიძის, ანზორ ბოლქვაძის და ზაალ მიქელაძის - მისამართით.

"თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას. ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი", - წერია მიმართვის ტექსტში.

მათივე თქმით, პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას.

"თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით. კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე", - ნათქვამია ტექსტში.

დღეს დილით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის "გამჭვირვალობის" შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მწვავე პროტესტს იწვევს.

პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.

მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.

ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტებს რუსულ კანონებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG