არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, 2 მარტს პარლამენტის შენობასთან აქციაზე დემონსტრანტების ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაარღვიეს მოქალაქეების უფლებები.
"სამართალდამცავების მხრიდან დაკავების, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება (ადმინისტრაციული წესით, სავარაუდოდ, 20 პირი დააკავეს), ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციური მედიასაშუალების არაერთი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფართო სურათში.
დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება შეეზღუდათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოქალაქეებზე დაშვებული საშვები კი გაუქმდა. მაშინ, როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომაზე დაუბრკოლებლად დაუშვეს კანონპროექტის მხარდამჭერები, კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც რეპრესიული კანონპროექტის უშუალო ადრესატებს წარმოადგენენ", - წერია განცხადებაში.
გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი, იურიდიული კომიტეტი, 6 მარტს განიხილავს.
2 მარტს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში და გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დღის ბოლომდე პოლიციამ პარლამენტის გარეთ აქციის 36 მონაწილე დააკავა. მათ შორის იყვნენ "ტაბულის" და "პუბლიკის" ჟურნალისტები.
კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".