Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებენ კოლეგების, "ხალხის ძალის", მიერ შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტს ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ მიიღებენ.

"ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა - შეიძლება იყოს დეტალები ან ერთ, ან მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ან ერთზე, ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტმა მას სამი მოსმენით უყაროს კენჭი. კობახიძემ თქვა, რომ პირველი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობა ამ ორივე კანონპროექტს დაუჭერს მხარს და შემდეგ ისინი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით - შედგება უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები... მიღებული იქნება ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც და ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით, არსებობს ასეთი პროცედურა, და ამის შემდეგ დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვერსიასთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართული", - აღნიშნა მან.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG