Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძის თქმით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება


დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი
დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. ეს გადაწყვეტილება დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას დღეს, 27 თებერვალს, გააცნო.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტების საკომიტეტო და პლენარული განხილვა, რის შემდეგაც პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე კანონპროექტს.

"პირველი მოსმენით მიღებისთანავე როგორც ქართული, ისევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონი სამივე მოსმენით [საგაზაფხულო] სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და 3-ვე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას", - თქვა ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

"ხალხის ძალის" კანონპროექტის ქართული ვერსიის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.

XS
SM
MD
LG