Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით


გაეროს ემბლემა
გაეროს ემბლემა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში 26 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. „აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაერო აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ კი შესაძლოა ეს ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს.

გაერო მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

„მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაერო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG