Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე: ხდება „სტიგმატიზება რუსულ კანონად“, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება.

„მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რაც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით... ამ საუბრებში ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს 25 თებერვალს, კოჯორში, იუნკრების მემორიალთან. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტში შედგება კომუნიკაცია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე პარტნიორებთან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, რადგან ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“.

ბოლო პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 24 თებერვალს განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. შალვა პაპუაშვილმა 25 თებერვალს აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციებში ლაპარაკია, მათ შორის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე“ და „ეს ამავე დროს გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ამ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ“.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომელის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორების ფული წარმოადგენს. ამ სუბიექტებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში.

XS
SM
MD
LG