დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე. EPDE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოეთის აგენტებად" სტიგმატიზაცია, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია.
დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი რუსეთის მაგალითს ეფუძნება, სადაც მსგავსი კანონი 10 წელია მოქმედებს.
"რუსეთის კანონი უცხოური აგენტების შესახებ შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის რეგიონში. კანონპროექტი წააგავს რუსეთის კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც 2012 წელს მიიღეს, რათა შექმნილიყო "საკანონმდებლო ბაზა" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტი" ეწოდა ასოციაცია "გოლოსი" იყო, არჩევნების მონიტორინგის ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია რუსეთში", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობაში "უცხოური აგენტების შესახებ" რუსული კანონის ანალოგის შემოღება, არის პრეცედენტი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, მათი, ვინც საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობაზე მუშაობს.
EPDE ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღონ მჩაგვრელი კანონმდებლობა სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, როდესაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელების პროგრესს შეაფასებენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით.
მმართველი პარტიის "ქართულმა ოცნების" წარმომადგენლებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ "ხალხის ძალის" ინიციატივას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია.
აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის თქმით, რუსული კანონის ანალოგის "მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავრდოულად ხელი შეუშალოს ქართველებს საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).