პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ამ კანონპროექტებიდან პირველი თავად "ხალხის ძალის" მიერაა შექმნილი, მეორე კი არის თარგმანი ამერიკული კანონისა, რომელიც შტატებში პირველად 1938 წელს მიიღეს ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და ახლა ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საშუალება არ მიეცა ჩართულიყო საკომიტეტო განხილვაში, ისინი კი, ვინც დარბაზში მოხვდნენ, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე ხდებოდნენ.
"ძალიან მძიმე შესაჯამებელია, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნის გამოყენებით ისე იქცევიან, რომ არა თუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როდესაც ასეთი პარლამენტის წევრები გყავს, საერთოდ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს თანადედამიწელებს.
მათი [ოპოზიციის] ქმედება სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანას აქვს კანონები და ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული პარლამენტი და ვერავინ, მით უმეტეს მათნაირი უვიცები და უინტელექტო ადამიანები, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, რომ კომიტეტის სხდომა ჩაშალოს ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელოს პარლამენტში. ეს არის გამორიცხული", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ 2 კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულებისას.
საკომიტეტო განხილვის პარალელურად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა პარლამენტის მიმდებარედ.