Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბურჯანაძე: გრანტების გამჭვირვალობის პრობლემა არ გვაქვს


გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

"საბოლოო ჯამში შედეგი რაც გვექნება, იქნება ის, რაც მოხდა რუსეთში", - თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც დეპუტატები "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტებზე მსჯელობენ. ეს კანონპროექტები "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანების, "ხალხის ძალის" ინიციატივაა და მათი რიტორიკით, საჭიროა იმისათვის, რომ გამჭვირვალე იყოს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსები.

„არაერთხელ მოვსულვარ პარლამენტში და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე - მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, დასახვეწია, არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს. აღელვებული იმიტომ ვარ, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი მგონია არსებობდეს ამ ეტაპზე საქართველოში. ერთი შეხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ბორელი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

გიორგი ბურჯანაძე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას სახალხო დამცველის აპარატის სახელით ესწრებოდა. გამოსვლისას დეპუტატებმა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა, სთხოვდნენ არგუმენტებს, რის გამო მიიჩნევდა ამ კანონს "რუსულ კანონად" და მოუწოდებდნენ, მიეთითებინა კონკრეტულ ჩანაწერებზე, რაც იდენტურია რუსულ კანონთან ან ამ კანონს რუსულად აქცევს.

ისმოდა ცინიკური კითხვებიც დეპუტატების მხრიდან - "მჩხიბავი ხარ, რა იცი რა შედეგს მოიტანს ეს კანონი?" "მომავლის გამოცნობა შეგიძლია?" "წინასწარმეტყველება შეგიძლია?"

"ამ კანონის მთავარი მიზანი, ვამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა. იმ პირობებში, როცა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვიდგას, ვაკეთებთ ამას. სოზარ სუბარი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს ბაზები აქვს და გამჭვირვალობის პრობლემები არ არისო..." - გიორგი ბურჯანაძეს გამოსვლა ამ ადგილას შეაწყვეტინა სოზარ სუბარმა, რომელმაც თქვა, რომ ის ტყუოდა.

"ტყუიხარ, კარგად მახსოვხარ შენ ამ შენობაში", - სოზარ სუბარს ამ ფრაზის შემდეგ დარბაზი დაატოვებინეს. ამის მიზეზი გახდა იმ პირობის დარღვევა, რომლის მიხედვით დეპუტატებს გიორგი ბურჯანაძისთვის გამოსვლაში ხელი არ უნდა შეეშალათ. რამდენიმე წუთში სოზარ სუბარი კვლავ დაბრუნდა საკომიტეტო მოსმენაზე.

"წინა კვირაში გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც პირდაპირ მივუთითეთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი, სადაც არის ჩაშენებული პროგრამა, სადაც ნებისმიერი თქვენგანი ნახავს, ვინ რა გრანტი მიიღო, ყველა გრანტი არის რეგისტრირებული. მე მიმუშავია ისეთ ორგანიზაციაშიც, რომელიც გრანტს გასცემდა და ისეთშიც, რომელიც გრანტს იღებდა. ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა გრანტი აღირიცხება. ფინანსთა სამინისტრომ ეს ყველაფერი იცის.

ჩვენ არარსებული პრობლემიდან ვქმნით პრობლემას და ვქმნით კანონს, რომლითაც ვიღაცებს ვარქმევთ აგენტებს. მივიღებთ იმას, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყანაში საქმიანობდნენ, დაიკეტებიან. ის დონორები, რომლებიც ფულს ამ ქვეყანაში რიცხავდნენ, დაიკეტებიან და ერთი შეხედვით ვითომ ამერიკულ კანონს ვთარგმნით, მაგრამ დღეს ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც მთავარ კონტრიბუტორს და მთავარ პარტნიორს ვეუბნებით, თქვენს დაფინანსებულ ყველა ადამიანს აგენტს დავარქმევთ. ეს ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, ევროკავშირის 27 ქვეყანა გვეუბნება, არ მიიღოთ ეს კანონიო. ევროკავშირის სასამართლომ ანალოგიური უნგრული კანონი გააუქმა, უამრავი არგუმენტი დადო, თქვა, რომ ამ კანონს უამრავი პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG