„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. მანიფესტაციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა: „ორშაბათს გაგრძელდება ამ რუსული კანონის მიღება, ყველას გელოდებით პარლამენტთან. პროტესტი არის უწყვეტი. მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა გაგზავნა მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების სანქცირებაზე. ნახავთ, ქართველი ხალხის ხმას გაიგონებთ თქვენს ქუჩებში. ბიძინა, რუსეთო და რუსეთის მარიონეტებო, წადით!"
აქციაზე სიტყვით გამოდიან სტუდენტები.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.
პროტესტის მიუხედავად, კომიტეტების სხდომა გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.
პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.