თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორს, ნიკოლოზ სამხარაძეს - მიზეზი მისი მხრიდან რუსული კანონის მხარდაჭერაა. სტუდენტები ასე იხსენიებენ პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტს "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ.
"დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სტუდენტები ავრცელებენ. განცხადების ავტორები ასევე აანონსებენ სტუდენტური მოძრაობის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს ამ კანონის მიღებას.
"მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე", - წერენ სტუდენტები.
ნიკოლოზ სამხარაძეს გუშინ, პირველ მარტს, ყოფილმა სტუდენტებმა მიმართეს წერილით, რომელშიც სთხოვდნენ, უარი ეთქვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
"საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.
ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს - სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში", - წერდნენ ყოფილი სტუდენტები დეპუტატს და სთავაზობდნენ საუნივერსიტეტო სივრცეში საჯარო შეხვედრას ამ კანონპროექტზე სამსჯელოდ.
დღეს პარლამენტში "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ ინიციირებული კანონპროექტების ხმაურიან განხილვას, რომელიც საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმართება, სწორედ ნიკა სამხარაძე უძღვება. იგი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.
ამ სხდომაზე სტუდენტების წერილები ნიკა სამხარაძეს შეახსენა ლევან ცუცქირიძემ, EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მან სამხარაძეს უთხრა, რომ უნდა სცადოს ისე მოიქცეს, რომ არ შერცხვეს სტუდენტებთან ლაპარაკის და თვალებში ჩახედვის.
"მე ჩემს სტუდენტებს შევხვდები და იმათ გავესაუბრები, როგორც აქამდე ვესაუბრებოდით და თვალებშიც ჩავხედავ ძალიან ღრმად", - ასეთი იყო დეპუტატის პასუხი.