საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო და ხმაურიანად მიმდინარეობს.
სხდომის დაწყების მომენტისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს. დარბაზში შესვლისას ხათუნა სამნიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძეს ჰკითხა, რატომ იცავდა მის სხდომას პარლამენტში სუსი.
„შენს სხდომას იცავს სუსი, შენთვის ეს არაფერს ნიშნავს? რა უნდათ პარლამენტში ამ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი საბუთი არ აქვთ, რატომ იცავს შენს სხდომას სუსი?“- იკითხა ხათუნა სამნიძემ, რომლის განმარტებითაც, სხდომათა დარბაზში მოსახვედრად მას "ჭიდაობა" დასჭირდა სუსის წარმომადგენლებთან.
"რატომ ეჭიდავებოდით მერე?" - ეს რეპლიკა გაისმა დარბაზში ხათუნა სამნიძის კომენტარის პასუხად.
კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ კოლეგებს ჰკითხა, რამდენად მართებულია ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანის დარბაზში ანტისახელმწიფოებრივი კანონის განხილვა.
"ამერიკამ ეს კანონი გასული საუკუნის 30-იან წლებში ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მიიღო და დღეს შენთვის ეროვნული უსაფრთხოება არის ძალაუფლების შენარჩუნება", - თქვა თეონა აქუბარდიამ და განმარტა, რომ დღეს ეს კანონი საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციისთვის სჭირდება და არა მტრებისგან თავდასაცავად.
თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი კი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განსახილველად გამოაქვს, ამერიკული კანონის ანალოგიითაა შექმნილი იმისათვის, რომ არსებობდეს ალტერნატივა "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" რეგულირებისთვის.
„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა ეს კანონპროექტი, ამ მიზნებს და გამოწვევას აშშ-ის კანონმა უპასუხა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ შედარებით ლოიალური. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონი საგაზაფხულო სესიაზე, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა და მეორე მხრივ, შედარებით უფრო ლოიალური, ვიდრე არის ეს აშშ-ში.
იმის გამო, რომ მაინც წავიდა სპეკულაციები, ჩვენ, „ხალხის ძალამ“, გადავდგით ნაბიჯი და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტი, რომელიც დღეს აშშ-ში მოქმედებს. ეს მოხდა იმისთვის, რომ სპეკულაციები ნულზე დასულიყო. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამის შემდეგ ისევ გაგრძელდა სპეკულაციები და სამწუხაროდ, აშშ-დანაც იყო ასეთი განცხადებები, რადიკალურ ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის კანონიც თურმე რუსული ყოფილა.
ამის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მივიღოთ. ვერავინ შემოვიდა ამ პოლემიკაში. ფინანსური გამჭვირვალობა არის კარგი, ამავდროულად, პირველი მოსმენის შემდგომ, ჩვენ განვაცხადეთ,რომ ამას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება მანამ, სანამ პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია არ მიიღებს დასკვნას და ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვივა. პრაქტიკულად, ამით ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაციები, თითქოს ან ერთი, ან მეორე კანონი იყო ე.წ. რუსული, მომსპარიყო. ეს პრევენციული ზომებით, ერთი მხრივ, ის, რომ ჩვენ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ვთქვით, ამას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით, ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მეორე მოსმენის დროს იწყება ძირითადად მუხლობრივი განხილვა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
"ხალხის ძალამ" "უცხოეთის აგენტების შესახებ" პარლამენტში ორი ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი კანონის თარგმანია, მეორე კი - რუსული მსგავსი დასახელების კანონის ანალოგი. "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" ამბობენ, რომ ამგვარი კანონი საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ხმის "მოგუდვის" მცდელობაა.
"უნგრეთის გამოცდილება გაქვს წინ, რუსეთის გამოცდილება გაქვს წინ, მაგრამ შეგნებულად აკეთებ ამას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების ის ძალიან პატარა შანსი, რაც არის, იმასაც ხელი შეუშალო. საქართველოსთვის მტერია რუსეთი და თქვენთვის დასავლეთია მტერი. ტყუილია ის, რომ გამჭვირვალობისთვის იღებთ ამ კანონს, საგადასახადო კოდექსი ისედაც უზრუნველყოფს ამ გამჭვირვალობას", - თქვა თეონა აქუბარდიამ.
კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ნიკა სამხარაძეს შეახსენა, რომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვაზე არ დაუშვეს არავინ მათგან, ვისაც ეს კანონი მომავალში შეეხება. სხდომაზე განხილვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა.
"ისე შეგეშინდათ ამხელა კაცებს, არც კი დალაპარაკებიხართ ამ ადამიანებს. თითოეული თქვენგანი, ვინც ამ კანონს მოაწერთ ხელს, ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ რომ გააკეთებთ ყველაფერს. ნოლი გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი, რაც ხდება", - თქვა ხათუნა სამნიძემ. მას სიტყვით გამოსვლისას კოლეგებმა უმრავლესობიდან შეახსენეს, რომ ის ურეიტინგო პოლიტიკოსია.
"ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით? თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო ირაკლი [ ზარქუა]. სხდომა ტარდება და მთელი პარლამენტის ირგვლივ დგას სუსი", - თქვა ხათუნა სამნიძემ. მის ამ კომენტარს მოჰყვა რეპლიკა ირაკლი დაჩი ბერაიასგან, რომ ის არის "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუში" და ასეთივე ხალხის ინტერესებს ატარებს.
კომიტეტების სხდომის პარალელურად სპონტანური აქცია იმართება პარლამენტის წინ.