Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანიასთან შეხვედრის დროს ლუკაშენკამ „არასაკადრისი“ უწოდა სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სიტუაციას


ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია და ალიაქსანდ ლუკაშენკა
ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია და ალიაქსანდ ლუკაშენკა

ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის თვალს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სიტუაციას, რომელსაც „არასაკადრისს“ უწოდებს.


„რაღაცნაირად ეს ძალიან არასაკადრისად გამოიყურება, რადგან რაც არ უნდა იყოს, ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ ურიგოა. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან. რატომ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება ასე მწვავედ ჩვენ შეხვედრებზე? ჩვენ ხომ არასოდეს არ დაგვიგეგმავს არანაირი აქციები თბილისთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ თქვენ მე დამეხმარებით ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში“, - მიმართა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბელარუსში.

სააგენტო "ბელტას" ცნობით თავის მხრივ ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მეთაურს მიწვევისა და თანამიმდევრული პოზიციისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ლუკაშენკას ნათქვამ სიტყვებს ბევრი ადამიანი მოუსმენს, მათ შორის საქართველოში. "ვფიქრობ, რომ ეს ბრძნული სიტყვები ამ ადამიანების გულებამდე მივა," - განაცხადა ბჟანიამ.


ბელარუსიდან ბჟანია მოსკოვში დაბრუნდება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრს განაგრძობს.

ოკუპირებული აფხაზეთს დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“. პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ცნობაში ნათქვამი არ იყო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "პუტინის გრაფიკში არ არის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან".

XS
SM
MD
LG