Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალოცვილი


„ფაბელმანები“ (2022, აშშ, რეჟისორი სტივენ სპილბერგი)

თბილისის კინოთეატრებში „ფაბელმანები“ გადის, სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი, რომელიც მთავარი „ოსკარის“ რეალური კანდიდატია. „ვესტსაიდის ისტორიის“ კომერციული წარუმატებლობის შემდეგ ჰოლივუდის კლასიკოსმა ფარხმალი არ დაყარა და სასწრაფოდ შეუდგა გადაღებას ფილმისა, რომელსაც საფუძვლად მისი პირადი ისტორია დაედო - კინორეჟისორობაზე მეოცნებე ბიჭის ამბავი. სინეფილებისთვის ესაა უპირველესად კინო კინოზე, ერთგვარი სიყვარულის ახსნა, ანდა ამერიკული კინოს „ოქროს ხანის“ (გასული საუკუნის 50-60-იანი წლები) მხატვრულ სახეებში ასახული ისტორია. თუმცა „ფაბელმანების“ მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, მაინც ზრდის, დაღვინების, განვითარების, ბავშვობასთან დამშვიდობების პროცესის ჩვენებაა. დიახ, ესაა სწორედ კინემატოგრაფისტის საქმე. სხვა ამას ვერ შეძლებს.

დღეს ძალიან მოდური კინობენეფისებისგან განსხვავებით, როცა თითქმის მთელი ფილმი ერთი მსახიობის შესაძლებლობებზეა აგებული, „ფაბელმანები“ კოლექტიური პორტრეტია, რომელსაც ყველა მსახიობი ერთნაირი ოსტატობით ქმნის - აქ ვერ გამოყოფ რომელიმე ერთ არტისტს, სპილბერგის სიყმაწვილის ისტორიას მთელი ორკესტრი გვიამბობს. თანაც, ცხადია, არა მარტო არტისტები. ტონი და ფერი, რომელიც „ფაბელმანებისთვისაა“ შერჩეული, გამოსახულებას სურათოვნებას ანიჭებს (სპილბერგის მუდმივი ოპერატორი იანუშ კამინსკი, ისევე როგორც „ვესტსაიდის ისტორიაში“, წარსულის აღდგენას არა იმდენად „რეტროეფექტებით“, რამდენადაც სწორედ ფერით ახერხებს), მაგრამ კადრის სივრცე მუდმივად ღიაა და ყოველთვის მზადაა განვითარებისთვის, ახალში გადაზრდისთვის. სტივენ სპილბერგი ამ მხრივ საკუთარ თავს არ ღალატობს - კინოხელოვნება მისთვის ურთიერთობაა, მრავალხმიანობაა. საკუთარ ცხოვრებაზე გვიყვება, მაგრამ ნაკლებად თავის თავზე. უფრო მეტად დანახულზე, ვიდრე განცდილზე.

„ოსკარის“ ნომინაციებზე წარდგენილი ბევრი სხვა ფილმისგან „ფაბელმანებს“ კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს - დისტანციურობა. არსად, არც ერთ ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს არც იუმორი აკლია და არც სევდა, სპილბერგი არ მოითხოვს ჩვენგან თანაგრძნობას და გადაჭარბებულ სენტიმენტებს. თანამედროვე ჰოლივუდის არც ერთ რეჟისიორს არ შეუძლია, ალბათ, ზღაპრულის და რეალურის ასეთი გამთლიანება. შესაბამისად, კინო სპილბერგისთვის მაგიაა, რომელიც ერთდროულად ორ გზას სთავაზობს ადამიანს - სინამდვილის უკეთ დანახვის, სოციუმში დამკვიდრების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის გზას (სტიმული და მოტივაცია) და გზას ზმანებებისკენ, შუქისკენ. სპილბერგის გენიალურობა ისაა, რომ ამ გზაჯვარედინზე მის პერსონაჟებს წვალება, საკუთარ თავთან ბრძოლა თითქმის არასდროს უხდებათ. ბუნებამ ისინი სიყვარულის უნარით დააჯილდოვა, ამიტომ ეს ორი გზა, არსებითად, ერთია და მას სიცოცხლე ჰქვია.

„ვესტსაიდის ისტორია“ მამას მიუძღვნა, „ფაბელმანები“ კი უფრო დედას. ოჯახის თემა სპილბერგისთვის, როგორც ამერიკელი რეჟისორისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სწორედ ასაკში გაუძლიერდა ბავშვობის მიმართ ნოსტალგია. ეს ყველას ემართება ალბათ. უბრალოდ ყველა ვერ ფლობს სპილბერგივით კინოს მაგიას - რაღაც უმნიშვნელოში, პატარაში, ზოგჯერ საერთოდ დაუნახავში, აღმოაჩინოს მნიშვნელოვანი, ლამაზი, ღვთაებრივი, მერე დაგვაახლოოს ამ აღმოჩენასთან და ჩვენც მოგვცეს ტკბობის საშუალება. კინოს ეს შესაძლებლობა აღმოაჩინა „ფაბელმანების“ მთავარმა გმირმა, სემიმ, როცა ჯერ კიდევ ბავშვმა ნახა სესილ დე მილის მორიგი კოლოსი „სამყაროს უდიდესი შოუ“ (სესილ დე მილი კინოს დაბადების ადრეულ წლებში იწყებს მოღვაწეობას, ჰოლივუდისთვის ის „აქაური ჟორჟ მელიესია“) და, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყვიტა, მთელი თავისი ცხოვრება კინოხელოვნებას მიუძღვნას. კინოს გადაღება სემისთვის ჯერ უბრალოდ, გართობაა, შემდეგ უსამართლობასთან ბრძოლის იარაღი, მერე სამყაროს შეცნობა და ბოლოს საკუთარი თავის შეცნობა... „ფაბელმანებს“ ხომ არა აქვს კლასიკური ჰოლივუდური „ჰეპი ენდი“ - ფილმი მთავრდება, მაგრამ სემის წარმატებული კარიერა მხოლოდ და მხოლოდ იწყება. ახალი სიცოცხლე იწყება მას შემდეგ, რაც ფილმი დასრულდება. მერე კი, როცა ფილმი მთავრდება, მაყურებელი გრძნობს, რომ სტივენ სპილბერგმა არსებითად ფსიქოთერაპიის კურსი ჩაგვიტარა, ანდა, უბრალოდ, დაგვლოცა. უფრო სწორად, ჯონ ფორდს დაალოცვინა ჩვენი თავი - ჯონ ფორდს, დევიდ ლინჩის შესრულებით.

„ჰორიზონტი კადრში ან ზევით უნდა იყოს, ანდა ქვევით. შუაში გაშლილი ჰორიზონტი კადრს „ნეხვად“ აქცევსო“, - გვითხრა ოსტატმა (ერთდროულად ორმა ოსტატმა - ფორდმა და ლინჩმა... თუ სამმა? ფორდმა, ლინჩმა და სპილბერგმა)... როცა არც მიწისა ხარ, არც ცისა, უსიცოცხლოს და უგრძნობს ემსგავსები. იყავი, სადაც გინდა, ოღონდ იცოცხლე და „ნეხვად“ ნუ იქცევი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG