Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესაძე და პაატაშვილი - ქართული კინოს განუმეორებელი დუეტი


„წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981, სსრკ, რეჟისორი რეზო ესაძე)

„ნეილონის ნაძვის ხე“ (1985, სსრკ, რეჟისორი რეზო ესაძე)

ეს კვირა ქართული კინოსთვის დიდი დანაკლისით დაიწყო - გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ლევან პაატაშვილი, ოპერატორი, რომელმაც შეიძლება ითქვას გააცოცხლა ქართული ფილმების გამოსახულება, დაგვიტოვა სინათლით სავსე თბილისი ფილმებში „სხვისი შვილები“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „ერთი ცის ქვეშ“... მერე მოსკოვში გააგრძელა მუშაობა და საბჭოთა საოპერატორო სკოლის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. საერთაშორისო წარმატების მიუხედავად („სიბირიადა“ და „სრბოლა“ კანის ფესტივალის პრიზებით აღინიშნა), გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს საქართველოში დაბრუნდა - შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას და, რაც მთავარია, ისევ დაიწყო ფიქრი ქართული კინოს „გადახალისებაზე“, გამოსახულების განახლებაზე, მეტ სინათლეზე. ლევან პაატაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ კინო მოძრავი, ცოცხალი სინათლის ხელოვნებაა. და როცა შუქი ბუნებრივია, როცა მართლაც „მზიდან მოდის“, ოპერატორის ვალია, რაც შეიძლება ღრმად ჩაწვდეს მის ბუნებას, მის ხასიათს. ასეთი სინათლე ღმერთივითაა კინოში. ყველაფერი შეუძლია.

გამიგია, რომ რეჟისორები, მაშინაც კი, როცა აღიარებდნენ ლევან პაატაშვილის გენიალურობას, ზოგჯერ ერიდებოდნენ მასთან მუშაობას. ძალიან ბევრ დროს ართმევდა გადამღებ ჯგუფს თავისი ექსპერიმენტებით, მუდმივი ძიებით. ამ მხრივ ძმები შენგელაიები გარკვეულ რისკზეც კი წავიდნენ, როცა ელდარმა „ცისფერი მთების“, გიორგიმ კი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გადასაღებად მიიწვიეს. თუმცა მგონია, რომ ლევან პაატაშვილს ძიებებისთვის საუკეთესო კომფორტი მაინც რეზო ესაძემ შეუქმნა. მისი ფილმები „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ და „ნეილონის ნაძვის ხე“ ე.წ. სუფთა კინოს ნამდვილი შედევრებია, ერთგვარი ფორმალისტური სიგიჟე ულამაზესი გამოსახულებით, რომელსაც ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების ცუდი ხარისხიც კი ვერ აფუჭებს.

„წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ რეზო ინანიშვილის მოთხრობის ეკრანიზაციაა, რომელშიც იქმნება თავისებური მოდელი ერთი შეხედვით დაშლილი, დანაწევრებული სამყაროსი, სადაც ადამიანებს საერთო ენის გამონახვა არ შეუძლიათ. მაგრამ აქ „საქმეში ერთვება“ კინემატოგრაფი - კამერა და უპირველესად შუქი, რომელიც დაშლილი რეალობის გაერთიანებას იწყებს. ე.წ. პირდაპირი კინო - სინამდვილის აღბეჭდვა ავტორის ჩაურევლად, იმპროვიზაციის ეფექტით, ჩვენ თვალწინ იცვლება გაუცხოებული, ხანდახან უბრალოდ არარეალური, ხანდახან ფანტასტიკური გამოსახულებით. ლევან პაატაშვილს ხომ შემთხვევით არ უწოდებდნენ არა მარტო „სინათლის ოსტატს“ - მას „ჰაერის ოსტატიც“ შეარქვეს. ფილმში „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ მან, უბრალოდ, გამოძერწა ჰაერი. ამისათვის პაატაშვილი აქტიურად იყენებს ე.წ. ზონალურ ლინზებს, რომლებიც სიმკვეთრეს უნარჩუნებენ გამოსახულებას კადრის ნებისმიერ წერტილში. ლინზები მოძრაობის პროცესშია გამოყენებული. შესაბამისად, განზომილებები, მასშტაბი, სივრცე ჩვენ თვალწინ იცვლება.

ლევან პაატაშვილის „ხულიგნობას“ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე პირადად შევსწრებივარ; გადაღებას არ იწყებდა, სანამ კამერის ობიექტივს ფოთლებით, ყვავილებით, თქვენ წარმოიდგინეთ, ცელოფნის პარკებითაც კი არ მორთავდა. შესაბამისად, კინოკამერა იმალებოდა, როგორც თავად ამბობდა, „ხარაჩოებში“, ობიექტივი კი ემსგავსებოდა მხატვრულ ნაწარმოებს, თავისებურ რელიეფურ სურათს, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღრმავებდა გამოსახულებას.

არა, ეს ფორმალიზმი არ არის. გამოსახულება აქ დრამატურგიის ნაწილი ხდება და კინო მაყურებელთან არა ლიტერატურით, არა თეატრით, არამედ საკუთარი ენით ურთიერთობს. მაყურებელთან კონტაქტი რეზო ესაძისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ ეკრანის ჩარჩო საერთოდ უქმდება ფილმში. მაგალითად, დაუვიწყარია ეპიზოდი, როცა ბავშვები სარკის ნაჭრებით ერთობიან და მათზე არეკლილი მზის სხივებით პირდაპირ მაყურებელთან იწყებენ თამაშს.

ამასობაში იცვლება მაყურებელი, უფრო დაკვირვებული ხდება და იცვლებიან ფილმის გმირებიც. აღარავინ ჩქარობს. ხალხი ერთმანეთს რიგს უთმობს. დანაწევრებული და დაშლილი მთლიანდება. ქაოსი მრავალხმიან სიმღერას ემსგავსება. როცა სინამდვილე მოსაწყენი და ნაცრისფერია, საზრისს მას ხელოვნება ანიჭებს.

80-იანი წლების დასაწყისში, როცა „პერესტროიკა“ ჯერ დაწყებული არ იყო და ქართულ კინოს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მოსკოვის ცენზურა, რეზო ესაძემ „ნეილონის ნაძვის ხის“ გადაღება დაიწყო. ფილმის პრემიერიდან ცოტა ხნის შემდეგ „ნეილონის ნაძვის ხეს“ შესანიშნავი რეცენზია მიუძღვნა აკაკი ბაქრაძემ, რომელიც წერდა: „ამ საზოგადოებას არაფერი აერთიანებს - არც რწმენა, არც ზნეობა, არც იდეალი…“. თუკი ავტობუსი, რომელსაც ახალი წლის დადგომის წინ მგზავრები გადაჰყავს, უძრაობის ეპოქის საქართველოს სახეა, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ აკაკი ბაქრაძის წერილი „მკვახე შეძახილია“, რომელიც, სამწუხაროდ, აქტუალურობას არ კარგავს. ისევე როგორც რეზო ესაძის ეს შესანიშნავი ფილმი - სატირული პორტრეტი საზოგადოების, რომელიც, აკაკი ბაქრაძის სიტყვებით, „თავსლაფის დასხმას მორჩილად და თვინიერად იტანს. აქტიური პროტესტის გრძნობა არ უჩნდება“. აკაკი ბაქრაძის წერილი იმდენად პესიმისტურია, რომ ავტობუსიდან გაძევებული კაცის მოძებნის სურვილსაც კი (რომელიც ავტობუსის მგზავრებს ერთდროულად გაუჩნდებათ) წერილის ავტორი იგებს როგორც „ინსტინქტს“, როგორც გაუაზრებელ გადაწყვეტილებას. თუკი ფილმში „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ ჯერ კიდევ იყო ადამიანების გაერთიანების იმედი, აქ უკვე ყველა ილუზია დაინგრა... დროც კი გაჩერდა, გაიყინა ყველაფერი.

„ნეილონის ნაძვის ხეს“ კიდევ ერთი გმირი ჰყავსო, წერს აკაკი ბაქრაძე. მას მსახიობი არ თამაშობს. ამ გმირს ქმნის ლევან პაატაშვილი. და ეს არის სიცივეო. მართლაც, რომ არა ლევანის კამერა, შესაძლებელია მაყურებელს მოეჩვენოს, რომ „ნეილონის ნაძვის ხე“ საახალწლო განწყობილებას გამოხატავს და უბრალოდ, შერეკილი ქართველების კოლექტიური პორტრეტია. მაგრამ უსიყვარულობის სიცივე იმდენად გამძაფრებულია, რომ იმედისთვის ადგილი არ რჩება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაატაშვილმა აქ უარი თქვა გამნათებელ ტექნიკაზე და მთელი ფილმი ავტობუსში შემოსულ დღის სინათლეზე გადაიღო. ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ ეკრანზე აბსოლუტური რეალობაა.

მერე კი ჩაივლის ავტობუსი, განათებული ნაძვის ხით, სანთლებით, სითბოთი და სიხარულით. ჩვენს გმირებს ამ ავტობუსის კარს არ უღებენ. მათ სინათლესა და სიმშვიდეში ცხოვრება არ დაუმსახურებიათ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG