Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის ახალ პოლიტსაბჭოს კობა ნაყოფიაც ტოვებს


კობა ნაყოფია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე
კობა ნაყოფია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის ახალდაკომპლექტებულ პოლიტიკურ საბჭოს ისიც დატოვებს.

30 იანვარს, შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, ნაყოფიამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

მოგვიანებით, 5 თებერვალს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართა ყრილობა, რომელზეც ახალი პოლიტსაბჭოს ნაწილი აირჩიეს.

ახალ პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია და მისი მხარდამჭერების ნაწილი.

ნაყოფია „პარლამენტარების კვოტით“ შეიყვანეს პოლიტსაბჭოში, თუმცა მან 7 თებერვალს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მმართველ ორგანოს ტოვებს.

მან გააკრიტიკა პოლიტსაბჭოს არჩევის ფორმა და თქვა, რომ „ჩატარდა ისე ჩუმად, რომ ვერავინ გაიგო“:

„ყოფილი პოლიტსაბჭო [2016 წელს] აირჩიეს 10000-კაციან ყრილობაზე, ახლა კი ეს პოლიტიკური საბჭო 300-კაციანი ყრილობით გადაირჩიეს“, - განაცხადა ნაყოფიამ „მთავარი არხის“ ეთერში 7 თებერვალს.

„ამ პოლიტსაბჭოში მეც აღმოვჩნდი, თურმე იმიტომ, რომ პარლამენტარების კვოტით მეკუთვნის. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გააგდეს გიორგი პატარაია, რომელიც არის პოლიტიკურ პარტიებში ყველაზე ნიჭიერი პრესმდივანი, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ“, - აცხადებს კობა ნაყოფია.

ორი დღით ადრე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დამტკიცება შეაფასა, როგორც „ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების მიერ პოლიტსაბჭოს არჩევითობის გაუქმება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა 6 თებერვალს უპასუხა მელიასა და სხვების კრიტიკას და განაცხადა, რომ ყრილობა ჩატარდა „დემოკრატიული პროცესით, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, ნიკა მელიაზე კი თქვა:

„[პოლიტსაბჭოში დამატებით] 73 ადამიანი იქნება არჩეული პირდაპირი არჩევნებით. ყველას, მათ შორის ნიკა მელიას, შეუძლია ნებისმიერ რაიონში დააყენოს კანდიდატურა და გაიმარჯვოს არჩევნებში“.

ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა გააკრიტიკა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ, „არადემოკრატიული“ უწოდა მას და მანაც დატოვა პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანო. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს აკო მინაშვილმა და გიორგი კირთაძემ.

XS
SM
MD
LG