ასე ადვილად არასდროს შემიდგენია წლის საუკეთესო ფილმების ათეული. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო ჩემს (და არა მარტო ჩემს) ცხოვრებაში - დათრგუნულობის განცდა, გამოწვეული პირველ რიგში ომით უკრაინაში, იმ გრძნობაზე აუტანელი გახდა, რომელიც ყველას გვქონდა პანდემიის წლებში. გაღიზიანებულ და დათრგუნულ ადამიანს კი ძნელია თავი მოაწონო, გააოცო, გაახარო. ამიტომაცაა, რომ 2022 წელმა დიდ ხელოვნებასთან ზიარების ბედნიერება სულ რამდენჯერმე მომანიჭა - დაახლოებით ათიოდეჯერ, სწორედ იმ ფილმებში, რომლებიც ამ სიაში შევიდა. ტრადიციულად, დავიწყოთ ბოლოდან
10. „ვაჟიშვილი“ (აშშ-დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ფლორიან ზელერი)
პოპულარული ფრანგი დრამატურგი ფლორიან ზელერი ამ ფილმით ასრულებს თავის ტრილოგიას ოჯახურ ურთიერთობებზე („დედა“, „მამა“ და ვაჟიშვილი“). სამი ფილმიდან მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა „მამამ“, ამერიკულ „ოსკარზე“ ნომინირებულმა დრამამ, რომელიც ძალიან კარგად შეაფასა კრიტიკამ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ვენეციის კინოფესტივალზე, „ვაჟიშვილის“ ჩვენების დასრულების შემდეგ, მოწმე გავხდი სურათის, რომლის მსგავსი არასდროს მინახავს არცერთ კინოდარბაზში - ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ტიროდა აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი. ასეთ დროს, ბუნებრივია, რომ ფილმს ფესტივალის მთავარი პრიზი უწინასწარმეტყველო. მაგრამ რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პირიქით მოხდა - მეორე დღეს პრესამ თითქმის გაანადგურა ფლორიან ზელერი. კრიტიკოსები, რომლებმაც დაიწუნეს ფრანგი დრამატურგის ფილმი („ვაჟიშვილი“ აქამდე ევროპის წამყვან თეატრებში დაიდგა) აღნიშნავდნენ, რომ ზელერი „ვაჟიშვილში“ მაყურებლის თავხედურ მანიპულაციას მიმართავს. ჩემთვის გაუგებარია ეს პრეტენზია. არ მესმის, რას ნიშნავს ხელოვნებაში „მანიპულაცია“, მით უმეტეს კინოში. თუკი კინომ მაყურებელზე ასე ძლიერად იმოქმედა, ის კინო კარგია! და აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რას გაიაზრებს პუბლიკა „ნაბახუსევზე“. მართალია, ზელერი თავის ფილმში, ამ ისტორიაში ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ავადმყოფურად განიცდის მშობლების განშორებას, არ ერიდება თამაშს მაყურებლის გრძნობებზე, კინემატოგრაფის ყველა შესაძლებლობას მიმართავს ამისთვის (საუკეთესო სამსახიობო ანსამბლით), მაგრამ ეს უკვე ეთიკის საკითხია. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია დავადანაშაულოთ რეჟისორი გრძნობებით სპეკულაციაში, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ფილმი ტრაგედიის ჟანრში გადაწყვეტილი უნიკალური სურათია, სწორედ იმ ჟანრში, რომელსაც ასე უფრთხიან თანამედროვე კინორეჟისორები.
9. “ლეილას ძმები“ (ირანი, რეჟისორი საიდ რუსთაი)
მიუხედავად იმისა, რომ ირანულ კინოს დიდი ხანია არ ვწყალობ, უნდა ვაღიარო, რომ „ლეილას ძმები“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. ჟიურიმ ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი არ შეიმჩნია, თუმცა „ლეილას ძმები“ დააფასეს კინოკრიტიკოსებმა - სურათი „ფიპრესის“ მთავარი პრიზით აღინიშნა. ესაა ამბავი პატრიარქალურ ოჯახზე, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დროს დაზარალდა. 4 ზრდასრული მამაკაცი, ლეილას ძმები და კიდევ ლეილას მოხუცი მშობლები ამ ახალგაზრდა ქალის ხარჯზე ცხოვრობენ. საოჯახო ქრონიკა ნელ-ნელა თანამედროვე ირანული საზოგადოების სურათს გვიხატავს. რუსთაი ხასიათების გამოძერწვის ოსტატია - სამსაათიან ფილმში ერთი წამით არ გვაძლევს მოწყენის საშუალებას, რადგანაც აუჩქარებლად, მაგრამ პაუზების გარეშე ხატავს თავის ოჯახურ ფრესკას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ისტორიის დრამატურგიული განვითარება, რაღაც ფატალური თანმიმდევრულობა ზედმეტი დეკორატიულობის, პოეტური სვლების (ირანული კინო!) გარეშე, კარგი მუსიკალური ნაწარმოებივით მოქმედებს ჩვენზე. ეს თანმიმდევრულობა და სისტემურობა მით უფრო ეფექტურია და წინასწარმეტყველებას ჰგავს დღეს, როცა ირანში ამბოხების სათავეში სწორედ „ლეილებს“ ვხედავთ და არა მამაკაცებს.
8. “ფაბელმანები“ (აშშ, რეჟისორი სტივენ სპილბერგი)
როცა ლაპარაკი გიჭირს, თუკი ბავშვი ხარ და შენს გრძნობებში ვერ გარკვეულხარ, კინოს სახეებს უნდა მიმართო. თუკი უცხო ხარ, სხვა ხარ, მაგალითად, ერთადერთი ებრაელი ხარ კალიფორნიის სკოლაში, სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის გმირივით უნდა იცოდე, რომ არსებობს ენა, რომელსაც „ნაციონალობა“ არა აქვს. ეს კინოს ენაა. სპილბერგი თავის ბავშვობაზე გვიამბობს, თუმცა „ფაბელმანი“ არაა კლასიკური ბიოგრაფიული ფილმი. ესაა უფრო ისტორია ბავშვზე, რომელიც კინომ გადაარჩინა, ისტორია სასწაულზე, რომელიც წარუმატებლობას მხოლოდ მაშინ მოჰყვება, როცა მეტისმეტად გიყვარს შენი საქმე. სასწაული არა მარტო ცხოვრების, არამედ კინოს ნაწილიცაა. მას შემდეგ, რაც ფილმის მთავარი გმირი გაიაზრებს, რომ საკუთარი თვალის ჩანაცვლება „კინოს თვალით“, კინოობიექტივით არა მარტო განსხვავებულ სამყაროს აზიარებს, არამედ ამ სამყაროს შეცვლის, გარდაქმნის საშუალებასაც იძლევა, შემეცნების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება... და აქ ხვდები, რა განასხვავებს სპილბერგს ფელინის მიმბაძველებისგან, წელსაც არაერთი „ამარკორდით“ თუ „რვანახევრით“ რომ გადაწყვიტეს ადგილის შენარჩუნება კინოს ინდუსტრიაში. სტივენ სპილბერგის „ამარკორდი“ არაა ფილმი „ეგოს“ ისტორიაზე; სპილბერგი გვიყვება თავის თავზე, თავის ოჯახზე, მაგრამ „ფაბელმანები“ არაა ფილმი იმაზე, თუ როგორ გახდა სპილბერგი დიდი რეჟისორი, ანდა იმაზე, თუ როგორ უჭირთ გენიოსის გაგება... სპილბერგი გამუდმებით, თითქმის ყველა კადრში იმეორებს, რომ საკუთარ თავზე მეტად კინო უყვარს. რაღაც იდეალურია ეს - იყო ასეთი ჰუმანისტი და თანაც არასდროს გადაამლაშო შენი ჰუმანიზმით, მუდმივად დაიცვა წონასწორობა გრძნობებსა და გონებას შორის, სევდასა და იუმორს შორის.
7. “ფერფლში დაბრუნება“( ჩინეთი, რეჟისორი ლი ჟუიცზუინი)
2022 წლის ყველაზე ლამაზი ფილმი, რომელიც რამდენადაც ვიცი, ჩინეთის ხელისუფლებამ ბერლინის ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ თაროზე შემოდო. არადა, ეს ამბავი ასაკში შესულ ქალსა და კაცზე, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში, ერთ მიყრუებულ სოფელში გადასახლდებიან ახალი ცხოვრების დასაწყებად, სრულიად აპოლიტიკურია და ქვეტექსტითაც კი არ უპირისპირდება სისტემას. მათი ქორწინება ფიქციურია - ერთად ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სულ მარტო არ დარჩნენ და სიღარიბეს, სიცივეს გადაურჩნენ. რაღაცით ფილმი კანეტო სინდოს „შიშველ კუნძულს“ გაგახსენებთ. ბუნება აქ არა მარტო განსულიერებულია, ბუნება ფილმის გმირი ხდება. სიყვარული კი იბადება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი მარტოობას გადაურჩეს.
6. „LOVE LIFE” (იაპონია, რეჟისორი კოჯი ფუკადა)
„აქვს თუ არა გლოვას დასასრული? რატომ გადაიზრდება ტრაგედია კომედიაში, როცა პირველი უსასრულოდ გრძელდება ხოლმე“? თითქოს კითხულობს კოჯი ფუკადა და ურთულესი ამოცანის გადაწყვეტას ცდილობს - დატირება და სამგლოვიარო რიტუალი თანდათან უნდა შეიცვალოს ექსცენტრიკით. კინოს ასეთი ტრანსფორმაცია, მე ვიტყოდი, „ფერისცვალება“ ადვილი არ არის - რიტმის, მიზანსცენის განსაკუთრებულ გრძნობას მოითხოვს. ფილმის მსვლელობის პროცესში ჩვენ უბრალოდ ვტკბებით ფუკადას კინემატოგრაფიული ტექნიკით. ამბავი ბედნიერ ოჯახსა და დანგრეულ ჰარმონიაზე იხატება როგორც ციცაბო უღელტეხილი, რომელიც დაბურულ ტყეში მიიკლაკნება. ასეთი სვლა არანაირად არ იწვევს თავბრუსხვევას. მაყურებელთან დისტანცია ბოლომდეა შენარჩუნებული (ხანდახან ფილმის სახვითი გადაწყვეტა იასუძირო ოძუს სურათებს გვაგონებს) - ჩვენ „გვევალება“ მხოლოდ ცივი გონებით ვათვალიეროთ სურათის სტატიკური კადრები და ვუყუროთ კინოს, როგორც ფირზე აღბეჭდილ სამგლოვიარო რიტუალს... მაგრამ გულგრილი მაინც არ დავრჩებით. უფრო მეტიც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფილმი იმ სიმღერის ეკრანიზაციაა, რომელიც ფინალში გვესმის და რომელიც ფუკადას სურათის სათაურშია გამოტანილი: „როგორც არ უნდა მაშორებდეს დისტანცია შენთან, მაინც ძლიერ მეყვარები.“
5. “რიმინი“(ავსტრია, რეჟისორი ულრიჰ ზაიდლი)
„ცინიკური ჰუმანიზმი“. თუ ასეთი არაფერი გაგიგიათ, აუცილებლად ნახეთ ავსტრიული კინოს კლასიკოსის ფილმი. თანაც ეს ის შემთხვევა არაა, როცა სენტიმენტალიზმის ეშინიათ და ცინიზმს განგებ ურევენ ხოლმე ემპათიას. ზაიდლის კინო ასეთია - აქ არ არსებობს საზღვარი ადამიანის დაცინვას და ადამიანის თანაგრძნობას შორის. როგორ აღწევს ემოციების ასეთ ნაზავს ზაიდლი, არ ვიცი. შესაძლებელია, მოქმედების ატმოსფეროს აბსოლუტურად ზუსტი გამოხატვით, შესაძლებელია, თხრობის აუჩქარებელი მანერით (როცა ერთ კადრში განუწყვეტლივ იცვლება განწყობები), შესაძლებელია, თავისი შესანიშნავი მსახიობების დახმარებით... ასეა თუ ისე, ფაქტია - განსხვავებულ ინტონაციათა ერთობლიობა, კონტრაპუნქტი ზაიდლის სტიქიაა. იტალიის საკურორტო ქალაქი რიმინი მან ცივ ზამთარში გადაიღო - მოუვლელი ქალაქი, გადაჭედილი ღარიბი ემიგრანტებით და ასაკოვანი გერმანელ-ავსტრიელი ტურისტებით. ამ უკანასკნელთ ფილმის მთავარი გმირი ართობს - 50 წლის ავსტრიელი ჟიგოლო, რესტორნის მომღერალი, რომელსაც მამა მოხუცთა სახლში ჰყავს ჩაბარებული. „რიმინი“ წლის ყველაზე პესიმისტური ფილმია. ულრიჰ ზაიდლი არავითარ გამოსავალს არ გვიტოვებს. თუმცა აქაც ვერ ელევა კონტრასტებს - იმედი მაშინ ჩნდება სწორედ, როცა სრულიად გადაწურულია.
4. „მშვიდობით, ლეონორა“ (იტალია, რეჟისორი პაოლო ტავიანი)
გაოცებას იწვევს კლასიკური, თითქოს მოძველებული კინოს ასეთი სინთეზი რადიკალიზმთან და დამკვიდრებული კანონების დარღვევასთან. ძმები ტავიანები ამ უნარით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ძმის გარდაცვალების შემდეგ პაოლო ტავიანი აგრძელებს გზას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში აირჩიეს - ნეორეალისტების პოეტიკის შერწყმის ბრეხტის ესთეტიკასთან და ასევე საყვარელი მწერლის, ლუიჯი პირანდელოს ესთეტიკასთან. „მშვიდობით, ლეონორა“ აღადგენს ნამდვილ ამბავს - გარდაცვლილი პირანდელოს ნეშტის მოგზაურობისა რომიდან სიცილიაზე. თავისთავად ეს გზა აბსურდია, ერთდროულად სასაცილო და სევდიანი, მაგრამ გადაღებულია და აწყობილი ისე, თითქოს 40-იანი წლების კინოს ვუყურებდეთ, შავ-თეთრ ფირზე. მოულოდნელად ფილმში შემოდის ფერი და თამაშდება ისტორია, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს პირველ ამბავთან - ტრაგიკული ამბავი პატარა ბიჭზე, იტალიელ ემიგრანტზე. ეს პირანდელოს უკანასკნელი მოთხრობის ეკრანიზაციაა. რეალური ისტორია გადადის მოგონილში, ქრონიკა - გათამაშებულ ეპიზოდში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ 30-წუთიანი ფინალის ავტორი... ის ფერფლია, რომელიც პირანდელოს ანდერძით ზღვის ფსკერს მიაბარეს.
3. “წასვლის გადაწყვეტილება“ (სამხრეთი კორეა, რეჟისორი პაკ ჩან უკი)
პაკ ჩან უკის შედევრი თანამედროვე „თავბრუსხვევაა“, ანუ „ვერტიგო“ - ალფრედ ჰიჩკოკის ყველა დროის ფილმი, რომელიც, შესაძლებელია პასუხია კითხვაზე, „რა არის კინო?“. ამავე დროს „წასვლის გადაწყვეტილება“ არ არის სტილიზაცია და უბრალოდ, სასიამოვნო ფილმი სინეფილებისთვის, როცა დისტანცია კინოს მოყვარულსა და ეკრანს შორის პრინციპულად შენარჩუნებულია ხოლმე. არა, არანაირი დისტანცია. სულ პირიქით, კორეულ ფილმში მაყურებელს გამომძიებლის როლს ანიჭებენ, გვეპატიჟებიან თანამედროვე ტექნოლოგიების ლაბირინთში, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გამოძიებით დავკავდეთ, მოულოდნელად ვერთვებით სასიყვარულო თამაშში, რომელსაც წესები აღარ აქვს. სხვათა შორის, წესები არა აქვს არც ფილმს - ყოველ შემთხვევაში, რაც ნამდვილად არა აქვს, ეს ერთიანი სტილია. მთელი ფილმის მსვლელობის პროცესში ერთი სტილი ზოგჯერ რბილად, ზოგჯერ ხაზგასმულად მკვეთრად გადაიზრდება მეორეში, განსხვავებულში. სტილის ეს თამაში ქმნის ფორმალისტურ სანახაობას, რასაც ხშირად „სუფთა კინოს“ უწოდებენ ხოლმე. ფილმის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ოდესმე მინახავს კინოში - განუხორციელებელი სიყვარულის დრამა, სილამაზის ტრიუმფი და პროვოკაციული არჩევანი - ვინ უფრო საშიშია, მკვლელი თუ საყვარელი მამაკაცი?
2. “ტორი და ლოკიტა“(ბელგია, რეჟისორები ძმები დარდენები)
ეს სოციალური ტრილერი მთლიანად აგებულია ჟესტის და მზერის სილამაზეზე. სხვათა შორის, ჟესტს აქ დრამატურგიული მნიშვნელობა აქვს. ფილმის გმირები, ტორი და ლოკიტა, არასრულწლოვანი აფრიკელი მიგრანტები, რომლებიც კონტრაბანდისტებს ემსახურებიან იმისათვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, ცხოვრობენ აბსოლუტურად ზუსტი ჟესტის და მოძრაობის წესებით. ერთი არასწორი ჟესტი და ხაფანგში გაებმებიან. სიზუსტე (შვეიცარიული საათივით) დარდენების პოეტიკის არსია. ბელგიელ ძმებს დღეს ბევრი ჰბაძავს, მაგრამ მიზანში ზუსტად მხოლოდ დარდენები ისვრიან. ამდენი წელია შეყვარებული ვარ დარდენების კინოში, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებენ ამ უბრალოებაში, ყველანაირი პათეტიკისგან გამიჯვნაში, „მშრალ ხაზებში“, კადრს გარე დარჩენილი სივრცის გაძლიერებაში ლამის ჰიჩკოკის დონის სასპენსის მიღწევას... და, რაც მთავარია, მაყურებლის თანაგრძნობის მიღწევას იმ ადამიანის მიმართ, ვინც რეალურ ცხოვრებაში არავის აინტერესებს - არც სახელმწიფოს, არც სოციალური დაცვის სამსახურებს, არც ინტელექტუალებს. საერთოდ არავის. გადარჩენისთვის ბრძოლას ასახავს ეს ფილმი - ნამდვილი „სოლიდარობის კინო“.
1. „ახლოს“ (ბელგია, რეჟისორი ლუკას დონტი)
რა ახლავს თან მასკულინიზაციას? რატომ ეწყება ზოგს ადრე, ზოგს გვიან, ზოგსაც საერთოდ არ ეწყება? როგორ ვშორდებით ბავშვობას და რატომ შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს მსხვერპლი? რა ხდება მაშინ, როცა უთანასწორობას არა სოციალური გარემო, არა ყოფა, არა „ცუდი მშობლები“ და „ცუდი მასწავლებლები“, არამედ ბუნება, ბიოლოგია და თუ გნებავთ, „კარმა“ განაპირობებს? ლუკას დონტის ტრაგედიაში უარყოფით გმირებს ვერ იხილავთ. აქ „ქოროც“ კი უაღრესად დელიკატურია. მაგრამ ტრაგედია ხდება და მისი მიზეზი სიღრმეშია, სადღაც ფსკერზე, რომელსაც ჩვენი გონება ვერ მისწვდება. იქნებ კინო მისწვდეს? იქნებ კამერამ შეძლოს საიდუმლოსთან ჩვენი დაახლოება? ამას ცდილობს სწორედ ბელგიელი რეჟისორი, რომელიც გვთხოვს, გვემუდარება ფილმის გმირებში, ორ ანგელოზში დავინახოთ ის, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. არ არის აუცილებელი დაეთანხმოთ მას, შეიძლება ფილმის მსვლელობის პროცესში გაღიზიანდეთ კიდეც იმაზე, რომ ამბავმა დაკარგულ ბავშვობაზე, დაკარგულ ძმობაზე (თანასწორობაზე?) ასე აგიჩუყათ გული, შეიძლება თქვენს გრძნობებს ებრძოლოთ და ჩემი სიის პირველ ფილმს „უბრალო მელოდრამა“ უწოდოთ. თქვენი ნებაა. ყველა ვერ დააფასებს ანგელოზებთან დაახლოების ბედნიერებას.