Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა და არასოდეს" vs "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - 3 მოსაზრება სააკაშვილის შეწყალების ალბათობაზე


თინა ხიდაშელი, ავთანდილ დემეტრაშვილი და დავით დარჩიაშვილი
თინა ხიდაშელი, ავთანდილ დემეტრაშვილი და დავით დარჩიაშვილი

ორბელიანების სასახლეში 28 დეკემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მეტი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა შესაძლოა შეიწყალოს პაციენტი/პატიმარი მესამე პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილს აღარ გაუმეორებია მანამდე არაერთხელ ნათქვამი - „არა და არასოდეს!“ და აღარც ის უთქვამს, რომ მოცემულ სიტუაციაში შეწყალების უფლებამოსილებას არ ფლობს, რასაც ის, რამდენიმე კვირის წინ, BBC-სთან ინტერვიუში უსვამდა ხაზს.

ამ ყველაფრის სანაცვლოდ, 28 დეკემბერს, ითქვა ფრაზა - "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - მთავარი კითხვა აქ იყო - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტს. ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამჟამად მიმდინარე სასამართლო განხილვის დასრულებას ელოდება და ეს შეიძლება სარისკიც იყოს.

სასჯელისგან გათავისუფლების/გადავადების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მორიგი სხდომა დღეს, 29 დეკემბერს შედგა და შემდეგი 30 დეკემბრისთვის დაინიშნა. ა

რაზე მიანიშნებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები და რამდენად მოსალოდნელია მისგან სააკაშვილის შეწყალება? ამ და სხვა შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ მიმართა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილსა და ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს დავით დარჩიაშვილს.

თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

პრეზიდენტის ადრინდელ სიტყვებს - „არა და არასოდეს!“ - თინა ხიდაშელი შეწყალების აქტთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ თვლის, რადგან „შეწყალება ვინმეს უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს“, „ის გარემოებებზეა დამოკიდებული“ და „ეს გარემოებები ხშირად უკავშირდება იმას, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასთან“.

„პოლიტიკოსს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მოტივაცია, რომ ვინმეს მიმართ არ იყოს შემწყნარებელი, არასოდეს აპატიოს ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ; მაგრამ ადამიანს, თუ ის ადამიანია და შეუძლია, არა აქვს მორალური თუ სხვა უფლება, რომ ადამიანის სიცოცხლე არ გადაარჩინოს... პრეზიდენტს შეეძლო ისევ გაემეორებინა „არასოდეს“, მაგრამ, როგორც ჩანს, გადახედა საკუთარ პოზიციას, რადგან გარემოებები მნიშვნელოვნად დამძიმდა“, - გვეუბნება ხიდაშელი. ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა თავისი ბოლო განცხადებით "ბევრ ადამიანს გაუჩინა იმედი", რომ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას [შეიწყალებს სააკაშვილს]; "მაგრამ გააკეთებს თუ არა ის ამას, ძნელი სათქმელია“, რადგან მხოლოდ „კარგი გამოსვლები“ არაფერს წყვეტს.

რა როლს თამაშობს უკმყოფილება და ბრაზი, რომელიც, პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მისამართით გამოხატა?

„სამწუხაროდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის განცხადებები იყო გამოხმაურება ამ „მივარდნაზე“. ერთია, რა განცხადებებსაც კობახიძე და [„ქართული ოცნების“] ამ შემადგენლობიდან აკეთებდნენ ამ დღეებში პრეზიდენტის წინააღმდეგ; მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ორგანიზებული ქმედება ნახა... შედეგისთვის ეს გაბრაზება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ თავისთავად სამწუხაროა, რადგან პრეზიდენტის ქმედებებში გადამწყვეტი არ უნდა იყოს მისი პირადი გუნება-განწყობა და დამოკიდებულებები... ჩვენ პრეზიდენტისგან მოველით რაციონალურად, გრძელვადიანად გათვლილ, მე-5 და მე-7 ნაბიჯით დანახულ გადაწყვეტილებებს და არა ბრაზით განპირობებულს“, - ამბობს ხიდაშელი. ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, გაითვალისწინოს „ის უზარმაზარი საფრთხე თუ ზარალი, რაც საქართველოს ადგება ევროპულ გზაზე [სააკაშვილის საკითხის გამო]“ და ეს უნდა გაკეთდეს იმის მიუხედავად, მოითხოვს თუ არა შემდეგ პროკურატურა, სააკაშვილის ხელმეორედ დაკავებას ამჟამად მიმდინარე საქმეებზე.

ბოლო კვირებში იყო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისა თუ საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მიმართვა, რომლებსაც პრეზიდენტი საჯაროდ არ გამოხმაურებია. თუკი შეწყალება გადაწყვეტილი აქვს, რას შეიძლება ელოდებოდეს ის?

თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ელოდებოდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სასჯელისგან გათავისუფლების/გადავადების საქმეზე.

„ეს, თავისთავად, არ მიმაჩნია არასწორად, რომ პრეზიდენტი ელოდებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებას. პროცესი არ დასრულებულა, სხდომა დღესაც იყო... მე არ მჯერა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, სასამართლომ თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება... მაგრამ თუკი ეს [ლოდინი] ხელისუფლებამ დაინახა, შესაძლოა ეს სასამართლო პროცესი არასოდეს დამთავრდეს და ამიტომ, პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება [შეწყალების] აუცილებლად მისაღები ექნება რაღაც ეტაპზე“, - ამბობს ხიდაშელი.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა სააკაშვილის შეწყალება ძვირად დაუჯდეს. ხიდაშელის ვერსიით, საფასური იქნება მხოლოდ „ერთი-ორი კვირა მდინარაძისა და კობახიძის აუტანლობების ატანა“, 28 დეკემბრის მსგავსი აქციების ფონით.

ავთანდილ დემეტრაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

„პრეზიდენტის პოზიცია ნათელია, ის ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვვარაუდობ, რომ შემდეგ მიიღებს შეწყალების გადაწყვეტილებას უკვე დასრულებულ საქმეებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ავთანდილ დემეტრაშვილი. მისი შთაბეჭდილებით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს „გააზრებული აქვს რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს, თუკი პროცესები ნეგატიურად განვითარდება“.

„ქართული ოცნება“ არ იზიარებს ექიმების დასკვნას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და არ უჭერს მხარს სამკურნალოდ მის გაშვებას. შესაძლებელია თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი წავიდეს „ქართული ოცნების“ ნების წინააღმდეგ?

ავთანდილ დემეტრაშვილი გვეუბნება, რომ „სალომე ზურაბიშვილი ახლა ძალიან რთულ ვითარებაშია“, რადგან მისი არჩევა „რეალურად „ოცნებამ“ უზრუნველჰყო და ადამიანურად გასაგებია, რომ რაღაც მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს“; მაგრამ „მისი [ზურაბიშვილის] ხასიათიდან გამომდინარე", არ ფიქრობს, "რომ მან ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს“.

კონსტიტუციონალისტი არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვების გადაწყვეტილება სწორედ სასამართლომ მიიღოს და „ოცნება“ ამ შემთხვევაში მომგებიან მდგომარეობაში იქნება, რადგან ამით ის მოახდენს „სასამართლოს დამოუკიდებლობის დეკლარირებას“, რაც გათვალისწინებული იქნება ევროკომისიის მიერ დაკისრებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შეფასებისას და „ევროპისკენ გადადგმული მაგარი ნაბიჯი იქნება“.

„საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს და რაღაც-რაღაც საფუძველიც მაქვს ვიფიქრო, რომ ჰუმანიტარული მიზნებით, მიშას მაინც გაუშვებენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. იქნება ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ სხვა“, - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

შეწყალების შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“, არა შეწყალების, არამედ რაიმე სხვა საფუძვლით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დაძრას; თუმცა პარლამენტში გადაწყვეტილების მისაღებად, „ქართული ოცნება“ საკმარის მანდატებს არ ფლობს. დემეტრაშვილი ასევე გვეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილს "მომხრეები და პოზიციების გამზიარებლები „ოცნებაშიც“ ჰყავს".

დავით დარჩიაშვილი - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

„არა და არასოდეს!“ შემდეგ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციის შერბილებას ხედავს დავით დარჩიაშვილიც და მიზეზად ასახელებს საერთაშორისო წნეხის გაზრდას, რომლის მიმართაც „პრეზიდენტი განსაკუთრებით მგრძნობიარეა“.

„მას [სალომე ზურაბიშვილს] ესმის ევროპარლამენტის რეზოლუციების მნიშვნელობა და რომ ეს, უნდათ თუ არა, გავლენას მოახდენს დასავლური ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციებზეც და შემდეგ უკვე, ეს შესაძლოა ცუდ რამედ ითარგმნოს საქართველოსთვის, რომლის სახელმწიფოებრივი არსებობა ამ ქვეყნების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. ეს მას ესმის“, - გვეუბნება დარჩიაშვილი, რომლის აზრითაც, სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა „დასავლეთში პირადადაც შეექმნას ისეთი პრობლემები, რომლებიც აქამდე არ შექმნია“.

შესაძლებელია თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი წავიდეს „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული ნების საწინააღმდეგოდ და შეიწყალოს სააკაშვილი?

დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ აღელვებს არც კარიერასთან დაკავშირებული მუქარა და არც იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება; ხოლო, საბოლოოდ, მისი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული იმაზე, „თუ რომელი შიში გადასძლევს მას“ – დასავლეთთან პრობლემების გაჩენისა თუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შურისძიებისა. „ვფიქრობ, აქვს შიში, რა შურისძიება შეიძლება მიიღოს ივანიშვილისგან“, - ამბობს დარჩიაშვილი.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინს, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ლოდინი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს:

„ის [პრეზიდენტი] რისკავს, თუკი ელოდება. ყველანაირი ლოდინი კრიზისულ სიტუაციაში არის დიდი რისკის მატარებელი. ასე შეიძლება დააგვიანოს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩაითვლება პრინციპულად და კარგად იმ სამყაროში, რომლის წევრობაც მას უნდა. ძალიან თუ დააგვიანა, შეიძლება აღარც ჩაეთვალოს... ვფიქრობ, ჭიმავს პროცესს იმ იმედით, რომ იქნებ, ხელისუფლებისგან ან სასამართლოსგან გადაიდგას დამთმობი ნაბიჯები... უჭირს, შფოთავს, აშკარად“.

თინა ხიდაშელს, ავთანდილ დემეტრაშვილსა და დავით დარჩიაშვილს ხელი აქვთ მოწერილი 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. „საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი“, - წერია ტექსტში.
თინა ხიდაშელის ხელმოწერა ასევე არის 2000 ქალის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის ქალები პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG