მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდ სახელმწიფოში უცაბედად “დაასრულა” გასული წლების განმსაზღვრელი მთავარი ამბავი - პანდემიაც.
საქართველოსთვის 2022 წელი “მშვიდობის” და “ორნიშნა ეკონომიკური ზრდის” წელი იყო. ამავე დროს საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რითაც ასოცირებულ ტრიოში ლიდერობა დაკარგა. ქვეყნის შიგნით მმართველ პარტიასთან დაახლოებული პოლიტიკოსების ღიად ანტი-ევროპულმა, ანტი-დასავლურმა განცხადებებმა კი გააჩინა კითხვა - ხომ არ კარგავს საქართველოს ევროპა.
აი 16 ამბავი საქართველოდან, რომლითაც ვიმახსოვრებთ 2022 -ს და რომელიც განსაზღვრავს 2023 წელს და შესაძლებელია საქართველოს უფრო შორ პერსპექტივასაც.
24 თებერვალი - რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს იწყებს
24 თებერვლის გამთენიისას რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
“არ ინერვიულოთ, ძლიერები ვართ, ყველას დავამარცხებთ, რადგან უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას! “ - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირველ დღეს უკრაინელ ხალხს. იმ დროს არსებობდა მოლოდინი და შიში, რომ რუსეთის ჯარი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა.
ომის პირველივე დღეებიდან უკრაინულ წინააღმდეგობას აღწერს ორი ფრაზა რუსული გემისა და ამერიკული ტაქსის შესახებ.
“რუსულო გემო, იდი ნა ხ..” - პასუხი, რომელიც უკრაინული კუნძულის, ზმეინის დამცველმა მესაზღვრეებმა გასცეს რუსეთის სამხედრო გემის ბრძანებას დანებებულიყვნენ.
26 თებერვალს “Washington post”- მა დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტს, რუსეთის “ნომერ პირველი სამიზნეს ”და მის ოჯახს სთავაზობდა ევაკუაციას კიევიდან. იგივე შემოთავაზება მიიღო მან სხვა ევროპული ქვეყნებისგან - ზელენსკი არ დასთანხმდა.
“მე შეიარაღება მჭირდება და არა ტაქსი” - ზელენსკის ეს პასუხი, ასოშეიტედ პრესმა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.
წლის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით დარჩენილიყო კიევში, გარკვეულწილად განსაზღვრა ომის მიმდინარეობა, Time-მა წლის ადამიანად დაასახელა.
უკრაინას რუსეთთან ომში ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ი და სხვა ქვეყნები შეიარაღებით, აღჭურვილობით, სადაზვერვო ინფორმაციით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ეხმარება. საქართველო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო საფინანსო შეერთებულია, მაგრამ მმართველი გუნდის წევრები სანქციებზე საუბრისას მათ ეფექტურობას იმთავითვე ეჭვს აყენებდნენ.
28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ “რადიკალური ოპოზიცია” “გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ”...დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება.” იქამდე ღარიბაშვილს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, [საქართველო] არ აპირებდა შეერთებოდა სანქციებს”.
1 მარტი - უკრაინა საქართველოდან ელჩი იწვევს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ ამის მიზეზი „ [ქართველი] მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან]“ იყო.
28 თებერვალს საქართველომ უარი უთხრა 2 თვითმფრინავს დამჯდარიყო თბილისის აეროპორტში. ამ სპეციალური რეისებით ქართველი მოხალისეები უკრაინაში აპირებდნენ წასვლას.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 1 მარტს, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზებზე საუბრისას, მიანიშნა, რომ “საქართველოს ომში ჩართვას” ოპოზიციის გარდა უკრაინაც ცდილობდა.
“სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..” - თქვა 1 მარტს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.
ბრალდებები, რომ “გარკვეული ძალები “ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ცდილობენ საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნას, მთელი წლის განმავლობაში მმართველის პარტიის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ძალების განცხადებათა გამჭოლი მოტივი იყო.
2022 წელს უკრაინას საქართველოში ელჩი აღარ დაუნიშნავს.
რუსეთთან ომში უკრაინის მხარეს უცხოელ მოხალისეებს შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე იბრძვის, ბევრ ქართველ მებრძოლს მოქალაქეობა აქვს მიღებული. 2022 წელს საომარ მოქმედებებში ჩართული 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში.
14 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობა უარს ეუბნება საერთაშორისო ვიზიტებზე
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, რომ მთავრობა მას საერთაშორისო ვიზიტების შესაძლებლობას არ აძლევს. - პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უპასუხა, რომ “რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, მაშინ, როცა უკრაინაში ომია”, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა იყოს.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოშიც ჩივილითაც დაემუქრა იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია, როცა მთავრობის დაუკითხავად საზღვარგარეთ გამართა შეხვედრები. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ თემაზე 2022 წელს არ უმსჯელია.
2022 წლის 24 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ"- აქ საქმე “საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას” ეხებოდა.
ზაფხულში თავად პრეზიდენტმაც გამოთქვა ეჭვი, რომ მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევდა.
წლის განმავლობაში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე მმართველი პარტიის სხვა ლიდერებს შორის, კიდევ რამდენჯერმე დაიძაბა ურთიერთობა, მათ შორის წლის ბოლოსაც, როდესაც ზურაბიშვილმა “ სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევაში” დაადანაშაულა საქართველოს საგარეო უწყება.
2022 წელს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განსხვავებული და რუსეთის მისამართით შედარებით თამამი განცხადებები აკეთა საერთაშორისო ლიდერებთან თუ ჟურნალისტებთან.
2022 წლის ბოლოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე შეარბილა დამოკიდებულება “არა და არასოდეს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, თუმცა ეს უფლება მას არც ამ წლის ბოლომდე გამოუყენებია.
16 მაისი - სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა უფარდებს მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას
ნიკა გვარამია, რომელსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის დროს კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის გამო, სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჯოხაძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს.
სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივი დაადგინა, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული და ოპოზიციური მედიის დასუსტებისკენ გამიზნული უწოდა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრების გარეშე; ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა კი პირველად შეიყვანა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო ციხეში ხვდებიან.
ნიკა გვარამიას სადავო განაჩენი ასევე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცულობის ხელყოფის შესახებ“, კიდევ ერთი რეზოლუციით კი ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალება სთხოვეს.
24 მაისი - რეორგანიზაცია ეროვნულ მუზეუმში, ათობით მეცნიერი სამსახურის გარეშე რჩება
ეროვნულ მუზეუმის რეორგანიზაციის საბაბით გათავისუფლებული მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო შეავიწროვეს. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ არაკომპეტენტური და უდისციპლინო თანამშრომლები.
რეორგანიზაციამდე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ( საერთაშორისო პროექტების დაფინანსების ერთადერთი წყარო საქართველოში) კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს მოპოვებული დაფინანსება შეუჩერეს. საბოლოოდ მინისტრის გადაწყვეტილებით, მეცნიერებისთვის კონკურსში მონაწილეობის უფლების მისაღებად სავალდებულო გახდა მინისტრის თანხმობა.
ამ გადაწყვეტილებას არ აპროტესტებს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ჯაბა სამუშია. 5 თვეში იგი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხდება არჩევნებით, რომელშიც მის გარდა სხვა კანდიდატი არ მონაწილეობს, წლის ბოლოს ის ასევე ერთადერთი კანდიდატია, რექტორის არჩევნებში.
2022 წელს ერთკანდიდატიანი არჩევნები ჩატარდა სამხატვრო აკადემიაშიც - რექტორი ყარამან ქუთათელაძე გახდა.
მაისშივე მინისტრი თეა წულუკიანი ცვლის სამეცნიერო ფონდებში მუშაობის წესს. აქაც, ფონდების მასალებთან წვდომის უფლებას პირადად მინისტრი აძლევს.
2022 წელს კულტურის სფეროში (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში), რამდენიმე ცვლილება მოხდა, რის შედეგადაც ასზე მეტი მეცნიერი სისტემის გარეთ დარჩა, მათი დიდი ნაწილი სასამართლოში იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად.
2022 წელს კვლავ გადაუწყვეტელი რჩება გელათის რეაბილიტაციის ბედი - საუკუნოვანი ფრესკები ზიანდება, პროცესი კამათის საგანია და დახურულია ფართო საზოგადოებისთვის.
23 ივნისი - უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებს იღებს.
ბრიუსელში, ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს, . ოდესღაც ასოცირებული ტრიოს აღიარებულ ლიდერს საქართველოს ევროკავშირმა 12 პუნქტიანი რეკომენდაცია მისცა და დათქვა, რომ მხოლოდ ამ რეკომენდაციების შემდეგ მისცემდა სტატუსს. რეკომენდაციებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და მედიაზე თავდასხმების შეწყვეტა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თბილისში, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მოძრაობა “შინ ევროპისკენ” 24 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა. ეროვნული თანხმობის მთავრობას უნდა უზრუნველეყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება. საპროტესტო გამოსვლები ხანმოკლე აღმოჩნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით 2 მარტს, მას შემდეგ წარადგინა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის შეჭრიდან 4 დღეში, უკრაინამ მოითხოვა ევროკავშირის წევრობა. დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
30 სექტემბერს, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ გამოცხადდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანების განაცხადსაც მოაწერა ხელი. იქამდე, 2022 წლის ივლისში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მის რიგებში ოფიციალურად მიიწვია შვედეთი და ფინეთი, ომის დაწყების შემდეგ გაკეთებული მათი განაცხადების შემდეგ.
29 ივლისი - საზღვრის დაცვის სამაშველო ვერტმფრენი 8 კაციანი ეკიპაჟით გუდაურთან კატასტროფას განიცდის
29 ივლისს გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც ორი პარაპლანერის სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 8 კაციანი ეკიპაჟი - 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი. მთავრობამ მათ ოჯახებს 100 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია მისცა და პარაპლანით ფრენა აკრძალა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრაგედია მოხდა.
გამოძიება ისევ გრძელდება, პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის.
2 აგვისტო - “ქართული ოცნებას გამოყოფილი დეპუტატები ანტიდასავლურ “ხალხის ძალას” აარსებენ
მმართველი პარტიის 4-მა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. ქართული ოცნებიდან, მათივე განმარტებით მეტი სიმართლის სათქმელად გამოყოფილი დეპუტატები, აკრიტიკებენ დასავლეთს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს და ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს დასავლური კურსის უალტერნატივობას. მოძრაობაში გაწევრიანებულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ის საკონტროლო პაკეტს.
წლის ბოლოს, 29 დეკემბერს “ხალხის ძალა” ამბობს, რომ ასრულებენ მუშაობას კანონპროექტზე, რომლითაც "უცხოური აგენტების" რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.
8 სექტემბერი - ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე არქეოლოგები ადამიანის კბილს პოულობენ
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სადაც ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერები მუშაობენ, 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი. კბილის კვლევის გაგრძელება აღმომჩენმა მეცნიერებმა ვერ მოახერხეს - კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციამ ექსპედიციის დასრულების შემდეგ.
ოროზმანის ახალი ამოჩენა პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილის სახლიდან ამოიღო სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.
2022 წლის ოქტომბერში თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, გოჩა კილაძემ.
21 სექტემბერი - რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ საქართველო ათასობით რუსეთის მოქალაქეს იფარებს
სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული ათასობით რუსეთის მოქალაქე საქართველოს საზღვარს მოაწყდა - ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დღეების განმავლობაში იდგა. უკრაინაში ომის პარალელურად საქართველო გახდა სატრანზიტო ქვეყანა ასობით ათასი რუსეთის მოქალაქისთვის - ათიათასობით ემიგრანტი იმ ქვეყანაში ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას, ბიზნესის წარმოებას და უძრავი ქონების შეძენას, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული,
2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს იუსტიციის სახელებში10 000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს . ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის პირველ 9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 113 ათასამდე ადამიანი საქართველოში დარჩა. 1 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე 2,4 მილიარდი ლარი იყო განთავსებული.
8 ოქტომბერი - ყირიმის ხიდი აფეთქდა, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრობს
ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებული ხიდი ოფიციალური ინფორმაციით დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაზიანდა. აფეთქებიდან მალევე, რუსეთი ტერორისტულ აქტში უკრაინის, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე ალაპარაკდა. ყირიმის ხიდის აფეთქებას რუსული მხარის ცნობით 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება საქმეზე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული. ცალკე გამოძიება აწარმოეს ბულგარეთის და სომხეთის უწყებებმა. თბილისში ოფიციალური განცხადებები გამოძიების შესახებ არ გაკეთებულა. ხიდი, რომელიც რუსული ანექსიის სიმბოლოდ მიიჩნევა, დაჩქარებულად აღადგინეს და წლის ბოლოს, ყირიმში სტუმრობისას მასზე თავად ვლადიმერ პუტინმა გაიარა მერსედესის ფირმის ავტომობილით.
13 ოქტომბერი - ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის გოგო იღუპება
ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში, რომელიც წინა დღეს საზეიმოდ გახსნა თბილისის მერმა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმით გარდაიცვალა. გამოძიებამ საქმეზე ბრალი 9 ადამიანს წაუყენა და 9-ვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მათ შორის ერთი მერიის თანამშრომელი და ერთი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც ვაკის პარკში მერიის დავალებით ასრულებდა სამუშაოებს. უბედური შემთხვევიდან მალევე თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე აქცია გაიმართა კახა კალაძის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და მისი გადადგომის მოთხოვნით.
20 ოქტომბერი - ბიძინა ივანიშვილს სანქციები უახლოვდება
უკრაინა სანქციებს უწესებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს, მის ძმას, ძმის ცოლს, დეიდაშვილს და დეიდაშვილის შვილს.
14 დეკემბერს უკვე ევროპარლამენტარები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, რომელსაც პირველად იხსენიებენ ბრიუსელში მიღებულ რეზოლუციაში “ოლიგარქის” სტატუსით. ივანიშვილის სანქცირება 18 ნოემბერს ევროპის სახალხო პარტიამაც მოითხოვა “ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლის გამო.”
6 დეკემბერი - სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს
სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილი დრამატულად სწრაფად კარგავს წონას, აქვს მეოთხე ხარისხის კახექსია და თვეები აშორებს იმ დროს, როცა მისი ორგანოები შეუქცევად დაზიანებას დაიწყებს.
9 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში იწყება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა - პირველ ორ სხდომაში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა თავად სააკაშვილს, მესამე სხდომაზე ის დისტანციურად ერთვება კლინიკა ვივამედიდან.
14 დეკემბერს პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მიხეილ სააკაშვილის ვივამედის პალატაში გადაღებულ კადრებს იმის დასადასტურებლად, რომ ის “სიმულანტობს” - იურისტები და ექიმები პაციენტის უფლების დარღვევაზე ლაპარაკობენ. კადრებში ჩანს ექსპრეზიდენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გადადგილება უჭირს და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება.
9 დეკემბერი - ნინო ლომჯარიას ვადა ეწურება სახალხო დამცველის პოსტზე
2022 წელს საქართველო სახალხო დამცველის გარეშე ასრულებს. მას შემდეგ, რაც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე ვადა ამოეწურა, სახალხო დამცველის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს. 22 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატებს უყრიდნენ კენჭს, ყველა წარდგენილი კანდიდატურა ჩავარდა.
გამჭვირვალე პროცესის შედეგად ომბუდსმენის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ჯერჯერობით ვერ შეასრულა. პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრის კენჭს საგაზაფხულო სესიაზე.
16 დეკემბერი - ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიებას ასრულებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება. განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.
გამოძიების ფარგლებში, 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
როგორი იქნებოდა თქვენი მნიშვნელოვანი ამბების სია 2022 წლისთვის?