Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია - ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი აკრიტიკებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მის მიმართ გაკეთებული იმ განცხადებების გამო, რომლებიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას შეეხება. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა მორალს უკითხავენ, ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომელიც ვრცელდებოდა ამ დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. მაშინ ყველაფერი მომხდარი იყო და ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ სხვადასხვა ფორმით, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. ახლა ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია...

მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო "ქართუ ბანკში" კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს?!

აქ ნათელია, რომ ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალის, რომელიც ვითომ დაპირისპირებულები არიან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბრიფინგამდე სწორედ ამის სათქმელად ჩავიდა აქციის მონაწილეებთან რეზიდენციის ეზოში. პრეზიდენტს მათ საუბარში ხელი შეუშალეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ 2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა და 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე. მათი მთავარი მოთხოვნაა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.

XS
SM
MD
LG