Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა


კახა კალაძე
კახა კალაძე

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც ურთიერთობა გაუფუჭდა წინა ხელისუფლებასთან და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. კალაძეს, რომელიც მერის წლიურ ანგარიშს წარადგენდა საკრებულოში, ამ საკითხზე კითხვა ერთ-ერთმა დეპუტატმა დაუსვა.

"რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, არ ვიცი, რა დავარქვა, თუნდაც გაფუჭება, იყო ძალიან მარტივი. ვცხოვრობდი იტალიაში და ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. როდესაც მეძლეოდა შესაძლებლობა, ჩამოვდიოდი. აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს და ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში. ეს უბედურება გააკეთეს ქართველებმა. მიუხედავად ამისა, არასდროს არ შემნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ.

ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, ყოველთვის მიხაროდა კარგი რაც კეთდებოდა და არასდროს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და მიმაჩნდა არასწორად. ნუ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეს იყო ყველაფერი მიზეზი", - თქვა კალაძემ.

კახა კალაძე, იმჟამად ცნობილი ფეხბურთელი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მეორე ვადით იყრიდა კენჭს. ამ სტატუსით კალაძე ერთ-ერთი ტელევიზიის სტუმარიც იყო.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ 2007 წელს ქუჩაში აქციის მონაწილეები დაარბია და ძალის გამოყენებით ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა გათიშა. ესაა ერთ-ერთი საქმე, რომელზეც მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG