Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აქ რომ მოვარდით ვიღაცის ჭორებზე" - ზურაბიშვილმა სასახლესთან შეკრებილ კონტრაქციის მონაწილეებს მიმართა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა მიმართვა მოულოდნელად შეწყვიტა, შემდეგ კი 17 საათისთვის ბრიფინგი დანიშნა.

"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ, როცა ვიდექით ქუჩაში?

მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს - ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებული თანამდებობებზე, ან იქვნენ „ქართუში“. მათ, ვინც დღეს მესიჯბოქსს ავრცელებენ, თურმე იციან, მე რას გავაკეთებ; თურმე იციან, როდის გავაკეთებ; თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. მე მინდა, კიდევ ერთი რამე გითხრათ: ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე [მიხეილ] ჩინჩალაძე, [ლევან] მურუსიძე, მე შევიწყალე? თუ მე გავაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, მის ამ გამოსვლას კი აქციის მონაწილეების ხმაური მოჰყვა. "არ გეტყვით მე არაფერს, თუ არ მისმენთ", - დაამატა მან და ადმინისტრაციის შენობაში შევიდა.

აქცია ორბელიანების სასახლის წინ რამდენიმე საათია იმართება. აქციის ორგანიზატორები არიან 2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა და 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე. მათი მთავარი მოთხოვნაა, სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

პარალელურად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილის სახელზე ხელმოწერებს აგროვებს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფი.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა ხვალ, 29 დეკემბერსაა, დანიშნული.

XS
SM
MD
LG