მიუხედავად კულტურის სამინისტროს ფაქტობრივი ბოიკოტისა, კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ და მისმა გუნდმა პირობა შეასრულეს - კინოფესტივალს შესანიშნავი პროგრამა აქვს. ერთი კვირის განმავლობაში თბილისი ნახავს 2022 წელს, „ა“ კლასის ფესტივალებზე - ბერლინში, კანსა და ვენეციაში - წარმოდგენილ საუკეთესო ფილმებს, მათ შორის გამარჯვებულებს. უაღრესად საინტერესოა რუმინული და უკრაინული პროგრამა, რომელიც ჩვენში ნაკლებად ცნობილ ავტორებს გაგაცნობთ, ასევე - დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივები. როგორც ყოველთვის, თბილისის კინოფესტივალი მდიდარია ახალი ქართული ფილმების პრემიერებით და კლასიკური კინოს რეტროსპექტივით. ორგანიზატორებმა წელს სტუმრების მოწვევაც მოახერხეს. მე პირადად მოუთმენლად ველი დიდი ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის ჩამოსვლას.
„რიმინისა“ და „სპარტას“ ავტორს ამ დღეებში 70 წელი შეუსრულდა. თუმცა პოლიტკორექტულმა კინოს სამყარომ თითქოს არ შეიმჩნია კლასიკოსის იუბილე. უფრო მეტიც, წელს, ოქტომბერში, ჰამბურგის კინოფესტივალის დირექციამ, რომელსაც ზაიდლისთვის საიუბილეოდ დუგლას სიორკის პრემია უნდა გადაეცა, ფაქტობრივად ფესტივალის გახსნის წინა დღეს განაცხადა, რომ გადაიფიქრა რეჟისორის დაჯილდოება მისი ახალი ფილმის, „სპარტას“ გამო. მანამდე, სექტემბერში, „სპარტა“ საკონკურსო პროგრამიდან მოხსნეს ტორონტოს ფესტივალის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ამის მიზეზად „შპიგელში“ გამოქვეყნებული სტატია დაასახელეს: გერმანული მედია რეჟისორს ლამის ძალადობაში ადანაშაულებდა, ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანმა რუმინელმა ბავშვებმა არ იცოდნენ, რას თამაშობდნენ ფილმში (რომლის მთავარი გმირი პედოფილი მასწავლებელია). ულრიხ ზაიდლი უარყოფს ყველა ბრალდებას. მან იმას მაინც მიაღწია, რომ ფილმი ჯერ სან-სებასტიანის ფესტივალის კონკურსში ჩართეს, ახლა კი თბილისის ფესტივალზე უჩვენებენ. სხვათა შორის, „სპარტა“ თავისებური გაგრძელებაა ზაიდლის ფილმისა „რიმინი“, რომლის პრემიერა ასევე წელს, ბერლინის ფესტივალზე გაიმართა. „რიმინი“ პირადად ჩემთვის წლის ერთ-ერთი შედევრია. ისევე როგორც - დანარჩენი 6 ფილმი, რომლის ნახვას გირჩევთ თბილისის კინოფორუმზე.
„ახლოს“(ბელგია, ლუკას დონტი)
2022 წელი იწურება, თუმცა „ახლოს“, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრით დაჯილდოვდა, კვლავაც საუკეთესოდ მიმაჩნია ყველა იმ ფილმს შორის, რომლებიც წელს ვნახე დიდ ფესტივალებზე. წარმატების მიუხედავად სურათს ოპონენტებიც გამოუჩნდნენ - ზოგი ამტკიცებს, რომ „ახლოს“ უფრო კონფორმისტულია, ვიდრე ამ ახალგაზრდა ბელგიელის წინა ფილმი „გოგონა“, ზოგს მიაჩნია, რომ ლუკას დონტმა ვერ გადალახა მელოდრამატული ჟანრის საზღვრები და მხოლოდ გული აუჩუყა პუბლიკას. რატომღაც მგონია, რომ თბილისელი მაყურებლის შეფასება არ იქნება მხოლოდ „ტირილით გავსკდი“ (თუმცა არ ვიცი, რატომ არაა ეს უკვე ფილმის ღირსება). „ახლოს“ არის მთლიანად ნიუანსებზე აგებული შედევრი და საუკეთესო სათაური აქვს - აქ ყველაფერი ძალიან ახლოდანაა დანახული. მათ შორის გრძნობები, რომლებიც ღრმად გვაქვს ყველას დამალული, ანდა აბსოლუტურად გამიჯნულები ვართ მათგან. „ახლოს“ არის ფილმი გაზრდაზე (!), პიროვნებად გადაქცევაზე. ლუკას დონტი აჩერებს სწორედ იმ წამს, როცა სრულდება ბავშვობა და სამოთხეში ნებივრობა ტკივილით და მარტოობით იცვლება. დანგრეული, წართმეული, დასახიჩრებული ბავშვობის აღბეჭდვა აქ აბსოლუტურად უნიკალურია. ლუკას დონტის გზავნილი მკაფიო და ცხადი - ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის გასაგებად დანახვაა საჭირო. თანაც, ძალიან ახლოს დანახვა.
„მშვიდობით, ლეონორა“ (ბელგია, რეჟისორი პაოლო ტავიანი)
ეს სიყვარულის ახსნაა. მსოფლიო კინოს ვეტერანი პაოლო ტავიანი სიყვარულს უხსნის ძმას, ვიტორიოს, რომელთანაც ერთად შედევრები „მამა-ბატონი“, „წმინდა ლორენცოს ღამე“, „ქაოსი“ გადაიღო... და კიდევ ორს - ლუიჯი პირანდელოს („მშვიდობით, ლეონორა“ გვიამბობს პირანდელოს...ნეშტის მოგზაურობაზე სიცილიის მიმართულებით) და ნეორეალიზმს, სწორედ იმ კინოს, რომელმაც გადაარჩინა კინოხელოვნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სრულიად ახალი მიმართულებით წაიყვანა. თუკი სენტიმენტალიზმს ერჩით, ტავიანის ფილმი გაგაღიზიანებთ. თუკი ამ რეჟისორის „შავ იუმორს“ ვერ იგრძნობთ, გაგიჭირდებათ დააფასოთ კლასიკოსის, შესაძლებელია, უკანასკნელი ნამუშევარი. დიახ, რატომღაც მგონია, რომ „მშვიდობით ლეონორა“ არა მარტო სიყვარულის ახსნაა, არამედ ანდერძიც - პოეტური ფრესკა სიკვდილზე და თავისუფლებაზე.
Love Life. (იაპონია, რეჟისორი კოჯი ფუკადა)
ეს ფილმი ვენეციის ფესტივალზე ვნახე და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ „ოქროს ლომით“ აღინიშნებოდა. კოჯი ფუკადა წლის აღმოჩენაა - წარმოუდგენლად საინტერესო ნაზავი ორი აღმოსავლელი გენიოსისა - იაპონელი იასუძირო ოძუს და კორეელი ჩან დონ ლის. სხვათა შორის იაპონურ-კორეული მთლიანობა (დარღვეული და შემდეგ აღდგენილი) ამ ფილმის დრამატურგიული ღერძია. განვითარების პროცესში ეს ხაზი აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში ვითარდება - ტრაგედიიდან „შავ კომედიამდე“ და პირიქით. ფილმში არის სცენა (სიუჟეტს არ გიამბობთ, რადგან ამბის განვითარების მოულოდნელობა აქ მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის) ჩვენებურად რომ ვთქვათ „პანაშვიდისა“, რომელიც დადგმულია როგორც ბალეტი - იმდენად ლამაზი, რომ სუნთქვა შეგეკრებათ და დარწმუნდებით, რომ კინო, რომელიც თავის ენაზე ლაპარაკობს, ჯერ კიდევ ცოცხალია.
„ალკარასი (ესპანეთი, რეჟისორი კარლა სიმონი)
ფრანგებს ფილმისთვის სათაური შეუცვლიათ და „ჩვენი მზეები“ დაურქმევიათ. ძალიან უხდება კარლა სიმონის ფილმს. ესაა ფილმი-მზე - თბილი, სინათლით სავსე და თანაც, მწვავედ სოციალური, საკმაოდ პესიმისტური - უსამართლობასა და ჩაგვრაზე. მიუხედავად წლევანდელი „ბერლინალეს“ ძლიერი კონკურსისა, „ალკარასი“ აქ „ოქროს დათვით“ დააჯილდოვეს. ესაა პირველი კატალონიური ფილმი, რომელიც „ა“ კლასის ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა.
რეცენზია ფილმზე.
ჭიანჭველების ბატონი“ (იტალია, რეჟისორი ჯიანი ამელიო)
იტალიური კინოს კიდევ ერთმა ვეტერანმა აღადგინა თავისი თანამემამულის, ცნობილი მირმეკოლოგის, პოეტის და დრამატურგის ალდო ბრაინბატის ისტორია. 1965 წელს ბრაინბატი დააპატიმრეს არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. თუმცა მემარცხენე პრესა, განსაკუთრებით გაზეთი „უნიტა“ თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ბრაინბატის საქმე უნიჭო ფაბრიკაცია იყო - სინამდვილეში ხელისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებს ებრძოდა. არ ვიცი, რამდენად აქტუალურია დღეს ეს ისტორია ევროპელებისთვის, მაგრამ საქართველოში „ჭიანჭველების ბატონი“ უამრავ ადამიანს ააღელვებს. ჩემი რჩევაა, თუკი ფილმის პირველი ნაწილი ზედმეტად ტრადიციული მოგეჩვენებათ (სატელევიზიო კინოს სტილში), არ დატოვოთ სეანსი. მეორე ნახევარი აქ ძალიან ძლიერია - შესანიშნავი მსახიობებით და ფინალით, რომელიც ბერნარდო ბერტოლუჩის შედევრებს გაგახსენებთ. თუმცა ეს შედარებაც არაა მთლად კორექტული - თავის დროზე ჯანი ამელიომ, სწორედ ბერტოლუჩის თაობის რეჟისორმა, ძალიან კარგად დაიწყო, ერთხანს იტალიური კინოს ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. შემდეგ დაიკარგა კომერციულ ხელოვნებაში და ახლა ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურად მწვავე, უაღრესად ემოციურ კინოს, რომელიც ბევრ მაყურებელს „მართლაც აატირებს“.
„რიმინი“ (ავსტრია, რეჟისორი ულრიხ ზაიდლი)
რიმინი ფედერიკო ფელინის მშობლიური ქალაქია. სწორედ ფელინიმ გადააქცია ადრიატიკის ზღვაზე აშენებული ეს პატარა კურორტი კინემატოგრაფიულ „არტეფაქტად“. მას შემდეგ ვერავინ გაბედა რაკურსი შეეცვალა და ახლებურად გადაეღო დღეს უკვე ძალიან პოპულარული დასახლება. არსებითად ულრიხ ზაიდლიც ფელინის გზას მიჰყვება - ფელინი სევდიანი და ნოსტალგიური სახეებით გვიამბობს ზამთარში დამსვენებლებისგან სრულიად დაცარიელებულ ზღვისპირა კურორტზე, ზაიდლს კი აქ „მკვდარ სეზონზე“ ჩამოჰყავს გერმანელი და ავსტრიელი ტურისტები, რომელთაც რესტორნებში ართობს, აცინებს და უმღერის „რიმინის“ მთავარი გმირი, 50-ს გადაცილებული, ფიზიკურად ძლიერი, საეჭვო ნიჭის არტისტი... იგი არც პენსიონერი ტურისტი ქალების სექსუალურ მომსახურებაზე ამბობს უარს. მოკლედ, ზაიდლი თავის სტიქიაშია - ისევ ახერხებს დაიცვას ბალანსი ცინიზმსა და თანაგრძნობას შორის, ისევ შესწევს ძალა, აიძულოს მაყურებელი თანაუგრძნოს თავის, ერთი შეხედვით, ყველანაირ სიმპათიას მოკლებულ გმირ-ჟიგოლოს. ავსტრიელი რეჟისორისთვის დამახასიათებელი პროვოკაციულობა და ცინიზმი, მისი განუმეორებელი მწარე იუმორი კიდევ უფრო ძლიერდება ამ დიპტიქის მეორე ნაწილში, „სპარტაში“, რომლის მთავარი გმირი “რიმინის“ ჟიგოლო-მომღერლის უმცროსი ძმაა. თუმცა „სპარტა“ მე ცოტა სქემატურად მომეჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერას სკანდალი მოჰყვა, ვფიქრობ, ზაიდლი მეტისმეტად ფრთხილია, როცა პედოფილის განცდებზე გვიამბობს. ცდილობს მაქსიმალურად კორექტული იყოს, რაც აშკარად არ უხდება არც ფილმის შინაარსს და არც ულრიხ ზაიდლის სტილს საერთოდ.
„მარიუპოლისი 2“(ლიტვა, რეჟისორი მანტას კვედარავიჩუსი)
დოკუმენტური კინოს შედევრი, რომლის გამოტოვება არაფრით შეიძლება. მარიუპოლში დაღუპული ლიტველი რეჟისორის, მანტას კვედარავიჩუსის ფილმი კანის ფესტივალზე მისმა მეუღლემ წარადგინა. სურათის დასრულების შემდეგ დარბაზი ემოციებისგან სრულიად დაცლილი იყო. არადა, ეს არაა კინო, რომელიც ემოციებზე თამაშობს - გამომსახველობითი ხერხების გამომწვევი სიძუნწე, „პედლის“ უარყოფა, კამერის მანიპულაციების გაუქმება, რამდენად უცნაური უნდა იყოს, დისტანციას კი არ ქმნის საზარელ სანახაობასთან, რასაც ომი ჰქვია, არამედ პირიქით, მოქმედების თანამონაწილეებად გადაგვაქცევს - განსაკუთრებით დღეს, როცა მთელი უკრაინა სიბნელეშია, მაგრამ სინათლის მოთხოვნილება მას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.
„მარიუპოლისი 2“ თავისებური გაგრძელებაა კვედარავიჩუსის ფილმისა „მარიუპოლისი“, რომლის შესახებ წაიკითხავთ აქ.