„ადრეული ანუ ბავშვთა ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ის საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს და მათ მომავალს“, - ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებულ ახალ გამოკვლევაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“ მოამზადა.
რამდენიმე მთავარი მიგნება
- საქმეთა 55%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანს მისივე სქესის გამომძიებელი გამოკითხავდა, მაგრამ გაუპატიურების, სხვა სახის სქესობრივი დანაშაულისა და ქორწინების იძულების საქმეების 45%-ში, არასრულწლოვანს საპირისპირო სქესის გამომძიებელი უსვამდა შეკითხვებს.
- არასრულწლოვანი მსხვერპლისათვის გამომძიებლების მიერ დასმული შეკითხვები ხშირად ბავშვისთვის გაუგებარია. ხანდახან კი - დისკრიმინაციული და სტერეოტიპულიც.
- იყო საქმეები, სადაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ვაგინალური ფორმით დამყარდა, მტკიცებულების შეგროვების პროცესში კი გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ეს მაშინ, როდესაც მომხდარი სხვა მტკიცებულებებითაც შეიძლებოდა გადაემოწმებინათ, საქალწულე აპკის შეუმოწმებლად, რაც არ იქნებოდა დისკრიმინაციული და ხელახალი ტრავმის გამომწვევი მსხვერპლისთვის.
- ასეთი საქმეების მხოლოდ 10%-ში იყო ჩართული ფსიქოლოგი. ადვოკატი კი არასრულწლოვან დაზარალებულს საქმეთა მხოლოდ 10%-ში ჰყავდა.
- საქმეთა უმეტესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა: 39 საქმიდან, ასეთი იყო 29 საქმე (74%). საპროცესო შეთანხმებას განსაკუთრებით ხშირად აფორმებენ სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე.
- დამნაშავეთა მიმართ უმეტესად გამოიყენება პირობითი მსჯავრი. სასჯელის სახით პატიმრობის მაჩვენებელი დაბალია.
- ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოები, ხშირად წყვეტენ სწავლას.
- სავარაუდო დანაშაულის შესახებ უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას და ამის მიზეზი ისიც არის, რომ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების და კანონმდებლობის შესახებ.
სურათი რიცხვებში: ბავშვთა ქორწინების მიზნით ჩადენილ დანაშაულებზე?
კვლევაში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ ითვლის განცალკევებით ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკას. წინა წლებში ამ დანაშაულებს ცალკე აღრიცხავდნენ.
ვინმე დაისაჯა?
- 2020 წელს, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ.
- 2021 წელს - 67 პირის მიმართ.
- 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის მიმართ.
სექსუალური კავშირი 16 წლამდე ბავშვთან
ამ დანაშაულზე ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს, ძირითადად სამედიცინო დაწესებულებები აწვდიან. შემდეგ მოდის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ოჯახი, სკოლა და ა.შ.
პოლიცია ამბავს მაშინ იგებს, როცა ორსულობის გამო, არასრულწლოვანი გოგო სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს ან მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი იბადება.
დაზარალებული არასრულწლოვანი გოგოების უმეტესობა ეთნიკურად ქართველი იყო (17 შემთხვევა). 9 შემთხვევაში, სავარაუდო დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო ერთ შემთხვევაში - ეთნიკურად სომეხი.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 საქმეზე. მათგან 24 საქმეზე ბრალდებული სრულად, ხოლო 3 საქმეზე - ნაწილობრივ გაამტყუნეს. საქმეების უმეტესობაზე (23 საქმე) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
რა სასჯელი ერგოთ დამნაშავეებს?
- 24 მათგანს პირობითი მსჯავრი.
- 3-ს კი თავისუფლების აღკვეთა 3 წელზე მეტი ვადით.
- (13 საქმეში), 2 შემთხვევაში კი გამოიყენეს ჯარიმა (3000 ლარის ოდენობით).
რას ამბობს კანონი?
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია და საქორწინო ასაკად განისაზღვრა 18 წელი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია სრულწლოვანი პირის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ამ უკანასკნელის თანხმობით.
ასევე, დასჯადი ქმედებაა ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება.
მსოფლიო ტენდენცია
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, 100 მილიონი გოგო ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე დგას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ბავშვთა ქორწინების გავრცელება მთელ მსოფლიოში 25 მილიონით შემცირდა: ათწლეულის წინ, ყოველი მეოთხე გოგო იყო დაქორწინებული, დღეს კი ასეთი ყოველი მეხუთეა.
„ბავშვთა ქორწინების“ სახიფათო შედეგები
კვლევა ამბობს, რომ გოგოები, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან:
- უფრო ხშირად განიცდიან ოჯახში ძალადობას,
- ტოვებენ სკოლას.
- აქვთ უფრო მძიმე ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე მათ თანატოლებს.
- გოგოები, რომლებიც ბავშვობის ასაკში დაქორწინდნენ, ხშირად ორსულდებიან, და ამ დროს მაღალია ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკი როგორც თავად გოგოებისთვის, ასევე მათი ჩვილებისთვის.
- ბავშვთა ქორწინებისას გოგოები იზოლირებული არიან ოჯახისგან და მეგობრებისგან.
- ადრეულ ასაკში ქორწინება გამორიცხავს მათ საზოგადოებაში მონაწილეობას, რაც დიდ ზიანს აყენებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას
კვლევის ავტორები საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ქორწინების იძულების მუხლში შევიდეს ცვლილებები და ბავშვობის ასაკში ქორწინების ყველა შემთხვევა, რომელსაც სრულწლოვანი პირი ჩაიდენს, დასჯადი გახდეს.
ასევე, ცვლილება შევიდეს გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის მუხლებშიც, იმისთვის, რომ ის ითვალისწინებდეს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას.
რეკომენდაციების ადრესატები არიან შსს, სასამართლო, პროკურატურა, განათლების სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებებიც.