გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პირველი ეროვნული თვისებრივი გამოკვლევის შედეგები გააცნეს. გამოკვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 12-დან 34 წლამდე ასაკის 342 ადამიანი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები - როგორც სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ისე ქისტებისა და ავარიელების ეთნიკური ჯგუფი.
რა არის ადრეული ქორწინება
ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი - ის უტოლდება მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მაჩვენებელს.
18 წლამდე ქორწინება საფრთხეს უქმნის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებს. განათლებას უდიდესი როლი აქვს როგორც ბიჭების, ისე გოგონების წარმატებული მომავლისთვის და ადრეული ქორწინების გადავადების საფუძველიც ხდება...ლაილა გადი
არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. 2018 წელს საქსტატი გეგმავს ადრეული ქორწინების გავრცელების რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას.
ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოკვლევის მთავარი მიგნებები
- ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქ თბილისის ჩათვლით. ადრეული ქორწინება არ არის დაკავშირებული მხოლოდ ტრადიციებსა და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან, როგორც ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული. ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში ადრეული ქორწინების ასაკად სახელდება 13-15 წლები, ძირითად მოსახლეობაში ქორწინების ასაკია 16-17 წლები.
- გამოკითხული გოგონები და ბიჭები ამბობენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკა შეიცვალა და მათ მეტი არჩევანი აქვთ და მეტად ეთქმით სიტყვა მშობლების გადაწყვეტილების თაობაზე.
- ადრეული ქორწინების გამომწვევი ფაქტორები: ნორმები, რომლებიც ახალგაზრდებს უზღუდავს შესაძლებლობას თავისუფლად შეხვდნენ მეგობარ გოგოს/ბიჭს; მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკავშირდება ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ტაბუდადებულ თემას; ეკონომიკური პრობლემები - ამ პირობებში ოჯახებისთვის ხშირად ქორწინებაა ყველაზე მისაღები ფინანსური გამოსავალი.
- გოგონები, რომლებიც ადრე ქორწინდებიან, ტოვებენ სკოლას. საშუალო და უმაღლესი განათლება ბიჭებისთვის უფრო პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ გოგონების მიერ განათლების გაგრძელების გადაწყვეტილებას ხშირად მათი ქმრები და დედამთილ-მამამთილები იღებენ.
- გამოკვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აცნობიერებს ადრეული ქორწინების შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.
- რესპონდენტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ დაქორწინების შემდეგ გოგონებში მკვეთრად იზღუდება მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენება როგორც ქმრების, ისე მათი მშობლების მიერ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცოლსა და ქმარს შორის შედარებით დიდია ასაკობრივი სხვაობა.
- რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის ცნობილია ის კანონი, რომელიც კრძალავს ადრეულ ქორწინებას, თუმცა ცოტამ თუ იცის კანონის ბოლო ცვლილებების შესახებ.
კანონი ადრეული ქორწინების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც,16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.
პირველი, ეს არის კანონმდებლობის აღსრულება და მონიტორინგი; მეორე - გენდერული ნორმების ტრანსფორმაციისკენ და სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ღონისძიებები და, მესამე, ინვესტირება ახალგაზრდებისა და მოზარდების განვითარებაში...ლელა ბაქრაძე
კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციით იქნა შეტანილი. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.
სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ცხადია, ოჯახის შექმნის განზრახვა გამამართლებელ მიზეზად არ ითვლება. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.
ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/კვეთა
ყველა რესპონდენტი ერთხმად აღნიშნავს, რომ გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანს სმენია ამ პრაქტიკის შესახებ. კახეთში ეთნიკურად ავარიელ მოსახლეობასთან ინტერვიუების დროს მონაწილეებმა მიუთითეს, რომ ხანდაზმული ქალების უმეტესობას ან თვითონ აქვს ჩატარებული პროცედურა, ან სმენია ამის შესახებ. ამ თემში ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება გულისხმობს კლიტორის ნაწილობრივ კვეთას. რამდენიმე ხანდაზმულმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მათ შვილიშვილებს ჯერ არ ჩასტარებიათ ეს პროცედურა, თუმცა ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა ავარიელების ეთნიკური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია და, შესაძლოა, პროცედურებმა იატაკქვეშ გადაინაცვლა. ავარიელი რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასქესო ორგანოს კვეთის რაოდენობის შემცირება შეიძლება მხოლოდ იმით იყოს გამოწვეული, რომ ქალი, რომელიც ამ პროცედურას ატარებდა, გარდაიცვალა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი შემთხვევების კლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშს უფრო უკავშირდება, ვიდრე ზიანის გაცნობიერებას.
კანონი ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ
2017 წლის 4 მაისს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარებას ურჩევს:
„პირველი, ეს არის კანონმდებლობის აღსრულება და მონიტორინგი; მეორე - გენდერული ნორმების ტრანსფორმაციისკენ და სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ღონისძიებები და, მესამე, ინვესტირება ახალგაზრდებისა და მოზარდების განვითარებაში. მნიშვნელოვანია შევქმნათ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განათლების, დასაქმების შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ გააცნობიერონ, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება არც გამოსავალია და არც მათი მომავალი ცხოვრების ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენ გვჯერა, რომ თუ დღეს გოგონებს ვასწავლით სიმამაცეს, მივცემთ ცოდნას მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ, ისინი იქნებიან უფრო ძლიერები. მოზარდი გოგონების სახით ჩვენ ჩვენს მომავალს ვუყურებთ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და თუკი დღეს შევძლებთ, რომ დავძლიოთ უთანასწორობა და ყველა მოზარდს მივცეთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, მათი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, მოგებული დარჩება მთელი საზოგადოება. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ გამოკვლევის შედეგები დაეხმარება ქვეყანას, კიდევ უფრო უკეთესად დაგეგმოს მიზანმიმართული პოლიტიკა და ღონისძიებები საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად“.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ლაილა გადი, ყურადღებას ამახვილებს მოზარდების განათლებასა და, ამ თვალსაზრისით, ადრეული ქორწინების ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემებზე:
„18 წლამდე ქორწინება საფრთხეს უქმნის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებს. განათლებას უდიდესი როლი აქვს როგორც ბიჭების, ისე გოგონების წარმატებული მომავლისთვის და ადრეული ქორწინების გადავადების საფუძველიც ხდება. განათლება ცვლის ქალებისა და მამაკაცების მიერ საკუთარი როლებისა და პოტენციალის შესახებ ხედვას. საზიანო პრაქტიკისა და სოციალური ნორმების ცვლილება ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ბავშვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს და დაცული იყოს ძალადობისგან. ასევე უნდა დაიწყოს და გააქტიურდეს საჯარო დიალოგი იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღიაროს და გააცნობიეროს ადრეული ქორწინების უარყოფითი გავლენა“.