გაუშვა 7500 თანამშრომელი
ტვიტერის ყიდვისთანავე ილონ მასკმა 7500-მდე თანამშრომელი, ანუ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაუშვა.
ნოემბრის დასაწყისში გამოცემა The Verge წერდა, რომ თანამშრომლები დაითხოვეს თითქმის ყველა სამსახურიდან, მათ შორის ისინიც, ვინც დეზინფორმაციას ებრძოდნენ.
5 ნოემბერს მასკმა დაწერა, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან ზარალზე მუშაობს და “დღეში 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს”. თავად მასკმა 27 ოქტომბრის შემდეგ გაყიდა საკუთარი კომპანიის, “ტესლას” აქციების ნაწილი, რაშიც 3,9 მილიარდი დოლარი აიღო და თქვა, რომ ამ ფულს “ტვიტერის” განვითარებაზე დახარჯავს.
16 ნოემბერს СNN-მა დაწერა, რომ მასკმა წერილი მისწერა დარჩენილ თანამშრომლებს და მოსთხოვა, ზეგანაკვეთურად ემუშავათ. მილიარდერმა გუნდი არჩევანის წინაშე დააყენა: ან “ჰარდკორ რეჟიმში” შექმნიან “რევოლუციურ Twitter 2.0”-ს, ან დაწერენ განცხადებას და წავლენ. გადაწყვეტილების მისაღებად მან თანამშრომლებს ერთი დღე მისცა. ამის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემით, “ტვიტერიდან“ კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი წავიდა.
ფასიანი გახადა ვერიფიკაცია
11 ნოემბერს მასკმა ანგარიშების ვერიფიკაცია ფასიანი გახადა. ანუ, თუ რომელიმე კომპანიას ან საჯარო პირს სურდა, პროფილზე “ნამდვილობის” ნიშანი ჰქონოდა, ამაში ყოველთვე 8 დოლარი უნდა გადაეხადა. იდეამ არ იმუშავა. ადამიანებმა ბრენდებად და “სელებრითებად” დაიწყეს თავის გასაღება.
მაგალითად, ტვიტერზე გამოჩნდა “ნამდვილი” ჯორჯ ბუში, ნაყიდი ნიშნით, რომელმაც დაწერა, ერაყელების ხოცვა მენატრებაო. აშშ-ის კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა,“ნამდვილმა” დონალდ ტრამპმა კი დადო პირობა, რომ 2024 წლის არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერდა.
მომდევნო დღესვე ფასიანი ვერიფიკაცია გაუქმდა. 26 ნოემბერს კი მასკმა დაწერა, რომ 2 დეკემბრიდან ვერიფიკაციის ახალი სისტემა ამოქმედდება. ადამიანებს ექნებათ ლურჯი ნიშანი, სახელმწიფო უწყებებს - ოქროსფერი, კომპანიებს კი - რუხი.
დაასრულა ცენზურა
წარსულში “ტვიტერმა“ დაბლოკა დონალდ ტრამპის, ფსიქოლოგ ჯორდან პეტერსონისა და სხვა კონსერვატორი კომენტატორების ანგარიშები, “პლატფორმის წესების დარღვევისთვის”. მასკმა ტვიტერზე რამდენჯერმე ჩაატარა კენჭისყრა და ჰკითხა მომხმარებლებს, აღუდგინოს თუ არა მათ წაშლილი ანგარიშები. უმრავლესობამ თქვა “კი”. პეტერსონი უკვე დაბრუნდა, ტრამპი ჯერ არა, თუმცა ანგარიში მასაც აღუდგა.
მაგრამ მასკი კიდევ უფრო შორს წავიდა. “ტვიტერი“ აღადგენს იმ ანგარიშებსაც, რომლებიც დეზინფორმაციას პოსტავდნენ კორონავირუსისა და აცრების შესახებ. ასეთი “ტვიტერზე“ 11 ათასზე მეტი იყო. გარდა ამისა, “ტვიტერზე“ კოვიდდეზინფორმაციის გავრცელებისთვის პირველ ჯერზე ბანს აღარ დაგადებენ.
დაემუქრა ეფლს
მასკი ამბობს, რომ ბოლო კვირებში “ტვიტერი“ გაცილებით ნაკლებ ფულს აკეთებს რეკლამებით. არადა, შარშან, “ტვიტერის“ 5-მილიარდიანი მოგების 90% რეკლამებზე მოდიოდა, - წერს Washington Post-ი.
BBC-ს ინფორმაციით, პლატფორმაზე რეკლამებს აღარ ათავსებენ საავტომობილო კომპანიები General Motors-ი, Volkswagen-ი და Audi, ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი და სხვები. 14 ნოემბერს Twitter-ის ანგარიში წაშალა მოდის სახლმა Balenciaga-მ.
ორი დღის წინ, “ტვიტერზე“ რეკლამის დაპაუზება ამერიკულმა Apple-მაც გადაწყვიტა. “მათ რა, ამერიკაში სიტყვის თავისუფლება ეზიზღებათ?“ - დატვიტა მასკმა 28 ნოემბერს. ცოტა ხანში კი დაამატა, რომ Apple-ი ემუქრება საკუთარი მაღაზიიდან “App Store” “ტვიტერის“ აპლიკაციის წაშლით. რაც იმას ნიშნავს, რომ აიფონების მფლობელები “ტვიტერს“ ვეღარ გადმოიწერენ.
მასკი დიდი ხანია აკრიტიკებს Apple-ს იმის გამო, რომ ისინი აპლიკაციების შემქმნელებს მეტისმეტად მაღალ საკომისიოს ართმევენ. როცა მომხმარებელი Apple-ის მაღაზიიდან გადმოწერილ აპლიკაციაში რამეს ყიდულობს, გადახდილი თანხის 30% კომპანიას მისდის. მილიარდერმა დაპოსტა მიმი, რომლითაც ამბობდა, რომ სატელეფონო გიგანტისთვის საკომისიოს გადახდას ომის დაწყება ურჩევნია, თუმცა მალევე წაშალა.
სამაგიეროდ დაწერა, რომ “მალე” გამოაქვეყნებს ფაილებს, რომლებშიც გამოჩნდება, თუ როგორ ახშობს Apple-ი გამოხატვის თავისუფლებას.
თუმცა მილიარდერისთვის ყველაფერი ცუდად არაა. მას ნოემბერში “ტვიტერზე“ 8 მილიონზე მეტი გამომწერი დაემატა და ახლა 120 მილიონი ჰყავს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იანვრის ბოლოსთვის იგი გაუსწრებს “ტვიტერის“ ყველაზე პოპულარულ ადამიანს, ბარაკ ობამას. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს 130 მილიონი გამომწერი ჰყავს.