„ორფეოსი“ (1950, საფრანგეთი, რეჟისორი ჟან კოქტო)
21 ნოემბერს კინოს მოყვარულებმა კიდევ ერთი გენიოსის იუბილე აღნიშნეს - 100 წელი გავიდა ესპანელი და ფრანგი მსახიობის, მარია კაზარესის დაბადებიდან.
დღეს ახალგაზრდებს შეუზღუდეს წვდომა ვებსაიტებზე, რომლებზეც კლასიკური ფილმები იყო ატვირთული. ამიტომ ამ თაობის არტისტები თითქოს სრულიად გაქრნენ ჩვენი კულტურიდან. საბედნიეროდ, youtube-ი გვთავაზობს ზოგჯერ სიურპრიზს - ამას წინათ აქ ჟან კოქტოს „ორფეოსის“ სრულ ვერსიას გადავეყარე - სიურრეალისტური კინოს შედევრს, რომელშიც მარია კაზარესი, არც მეტი, არც ნაკლები... სიკვდილს განასახიერებს.
კოქტოს და სიურრეალისტებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ესპანეთის მიმართ. არც უნდა გაგვიკვირდეს - „სიკვდილის სიყვარულის“ ტრადიცია უძველესი დროიდან წარმოჩინდება ესპანურ კულტურაში. თუმცა კაზარესი იმხანად, როცა კოქტო „ორფეოსს“ იღებდა, უკვე ფრანგ მსახიობად ითვლებოდა. მამამისი მეორე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1936 წელს გამოექცა ფრანკოს რეჟიმს და პარიზში დასახლდა. აქ მიიღო განათლება მისმა ქალიშვილმა, რომელმაც ოკუპაციის წლებში გაიცნო ალბერ კამიუ. 3 წელი გრძელდებოდა მათი რომანი. კაზარესს მაშინ „ეგზისტენციალიზმის მუზა“ შეარქვეს.
ჟან კოქტოს ფილმის გადაღების შემდეგ კაზარესი იტყვის: „სიკვდილს, რომელიც ორფეოსს ემუქრება, ორი სახე აქვს. მისი ერთი სახე დისციპლინა და ძალაუფლებაა, მეორე - სინაზე. მაგრამ სიყვარული მაინც გაიმარჯვებს იმ „მოვალეობაზე“, რომელიც სიკვდილს აქვს“.
დიახ, „ორფეოსში“ სიკვდილს ვალდებულება აქვს აღებული - მან უნდა აცდუნოს პოეტი და მხოლოდ შემდეგ შეძლებს ორფეოსი მისი ძალაუფლებისგან გათავისუფლებას. კოქტომ ანტიკური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამბავი მთლიანად შეცვალა. ჯერ ერთი, გადაიტანა მოქმედება ომის შემდგომ საფრანგეთში. ამიტომაც ეკრანზე ყველაფერი ნაცნობი გახადა. ჟან მარეს გმირი გადაიქცა პოეტად, რომელიც თავის ლექსებს კითხულობს პარიზის კაფეში. „სიკვდილის რაინდები“ კი, რომელთაც პოეტი „წყვდიადის ქვეყანაში“ მიჰყავთ, მოტოციკლისტები არიან. მიცვალებულთა სამეფო რაღაც მოგონილ დეკორაციაში კი არაა გადაღებული, არამედ რეალურ ნატურაზე, სადაც ნელ-ნელა ჩნდებიან კოქტო-სიურრეალისტის აკვიატებული „სიზმრისეული სახეები“. მთავარი აქ სარკეა, რომელშიც საკუთარ თავს დიდხანს თუ ჩავაცქერდებით, კოქტოს თქმით, დავინახავთ... სიკვდილს, „ჩვენი დაბადების პირველივე დღიდანვე ფუტკარივით რომ შრომობს ჩვენში“.
კოქტო დარწმუნებულია, რომ შემეცნების ამ პროცესში, ქვესკნელის გზაზე, სწორედ სიკვდილის მანიპულაციებისგან უნდა დააღწიოს თავი პოეტმა. „ორფეოსის“ შესაძლებელია ცენტრალური სცენა, როცა ჟან მარე-პოეტი სარკეში თავის თავს შესცქერის და ეალერსება, ზოგიერთ მაყურებელს ესმის, როგორც „ნარცისიზმი“. კოქტო რაღაცნაირად უტრირებდა ხოლმე ამ ნარცისიზმით, ისე ცხოვრობდა, ისე იცვამდა, ისე, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, „ტროლავდა“ პუბლიკას და არსებითად, საკუთარ თავსაც. პრემიერის შემდეგ გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს სცენა კოქტოსა და ჟან მარეს რომანტიკულ ურთიერთობას გამოხატავს, ერთგვარი ჰომოსექსუალური სახეა, რომელსაც, თავის მხრივ, თითქოს ისევ და ისევ ნარცისიზმი განსაზღვრავს. სინამდვილეში ეს სახელგანთქმული კადრი სწორედ იმ გაორებას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს გვიჩვენებს, რომლის გავლა უწევს აქ პოეტს. კოქტო კინემატოგრაფისტია და მშვენივრად ესმის კინემატოგრაფიული სახის „ორმაგი ბუნება“, მაგრამ ის უპირველესად სიურრეალისტია, პოეტი, მხატვარი და მხოლოდ შემდეგ კინორეჟისორი. „ორფეოსში“ ორი სამყარო, ანტიკური და თანამედროვე, ქვეცნობიერი და ცნობიერი, დაუნახავი და დანახული ერთმანეთისგან გამიჯნულია და თანაც, ჯიუტად ცდილობს დაუკავშირდეს ერთმანეთს. მაგრამ ამ წინააღმდეგობაში ადამიანი იმარჯვებს სიკვდილზე, სიკვდილი თავად კვდება და ორფეოსის მითი იქცევა ულამაზეს მითად უკვდავების შესახებ.
შესაბამისად, ფილმის მსვლელობის პროცესში სულ უფრო ცხადი ხდება ჟან კოქტოს გზავნილი; პოეტის, ხელოვანის მოვალეობაა გაიაროს „სიკვდილის ზონა“, ხიფათის გზა, რათა ყოველ წუთას, აღდგეს, გაცოცხლდეს და შეიცნოს თავი უკვდავებაში. ზუსტად შენიშნავს კოქტოს შემოქმედების მკვლევარი პიერ ლეპროონი: „ორფეოსის სიკვდილი მოგვაგონებს იმ გრძნობას, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ეუფლება, როცა მივდივართ რისკზე ჩვენივე თავისუფლების მოსაპოვებლად“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოქტო პოეტისგან უბრალოდ მოითხოვს, სიცოცხლესა და თავისუფლებას შორის არჩევანი მაინც თავისუფლებაზე გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, უბრალოდ, ვერ იქნება პოეტი. შესაბამისად, ხელოვანი კოქტოსთან ემსგავსება რაინდს, რომელიც, შეიძლება ითქვას, დუელში იწვევს არა მარტო სიკვდილს, არამედ სიცოცხლესაც, სინამდვილეს, საზოგადოებას. მას შეუყვარდა ხიფათი და საკუთარი ფეხით ჩადის ქვესკნელის სამფლობელოში, რათა თავისი ევრიდიკა ნახოს, რათა თავისუფლების ბედნიერება შეიგრძნოს, რათა ეღირსოს იმას, რისკენაც გამუდმებით მიისწრაფოდა - უკვდავებას.
ამიტომაც უნდა ნახონ „ორფეოსი“ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა ვიცით, იქნებ მათ შორის ახალი კოქტო, ანდა ახალი გალაკტიონი ელოდება თავის დროს. თუმცა ეს ჯერჯერობით არ იცის.