Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი განმარტავს, რატომ ამბობდა კეზერაშვილზე, რომ "მილიარდებს იპარავდა" და რას ფიქრობს ახლა


ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრი და ამავე პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, რატომ ამბობდა წლების წინ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი "მილიარდებს იპარავდა". მან "TV პირველის" ეთერში ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობს ახლა მასზე.

მისი თქმით, წლების წინ გაჟღერებული ბრალდება "მილიარდების მოპარვაზე" "მისი აზრი" იყო.

"რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ განცხადებებს, 2016 წელი იყო და ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის, "ევროპულ საქართველოსთან" დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებიდან შეიძლება ვინმესთან არ ვითანამშრომლო და მესამე, 2016 წლის მერე იყო იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

2016 წლის მერე იყო დავით კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა სადაც მისი და მისი ოპოზიციური ტელევიზიის დევნის შესახებ და მე ყოველდღე ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე თავდასხმებს, მათ შორის, კეზერაშვილზე და ხაბეიშვილზე... მაშინ ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა იყო მოპარული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა", - ამბობს ხაბეიშვილი.

პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდაჭერა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების დროს, ასე უპასუხა: "ჩემ უკან დგანან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები". მეტიც, ხაბეიშვილის თქმით, "არ ესმის, რატომ შეიძლება უნდოდეს კეზერაშვილს პარტიის გაკონტროლება".

"2016 წელი იყო, მას შემდეგ გასულია 6 წელი. ეს იყო გიგა ბოკერიასთან და ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით. მაშინ იმიტომ, რომ მქონდა ჩემი წარმოდგენა ბოკერიას გუნდზე, რომელზეც ვთვლიდი, რომ სააკაშვილს "ნაციონალურ მოძრაობას" ართმევდა და მოხდა ზუსტად ასე და გაიყო. ამასობაში მქონდა ეს ბრალდება კეზერაშვილის მიმართ", - ასე განმარტა ხაბეიშვილმა წლების წინ გაჟღერებული ბრალდება.

მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმა ინტერნეტში გავრცელდა წლების წინ მის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ გაჟღერებული ბრალდების ვიდეოჩანაწერი. არაერთხელ გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი ხაბეიშვილის დახმარებით ცდილობს პარტიაში გავლენის მოპოვებას.

"მათ შეინარჩუნეს კრიმინალური ბანდა... წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? თქვენ რა გგონიათ? ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები. თავის დროზე იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ასეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა. ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს იყო პრობლემა. დღეს ეს კეზერაშვილი რას აკეთებს? ემსახურება ივანიშვილს კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას [იგულისხმებოდა "ევროპული საქართველო"]", - ამბობდა წლების წინ ხაბეიშვილი.

საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ და "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერმა - გიორგი მუმლაძემ. ამ პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა მისი თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის წარდგენის შემდეგ მოხსნა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია..." - თქვა მელიამ მაშინ.

უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ერთი კვირით ადრე ნათქვამ "მოოლიგარქო ტიპებში" კეზერაშვილი იგულისხმა.

"ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ, უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი. მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ წუთის მდგომარეობით ამ ყველაფრით შემოვიფარგლები", - თქვა ნიკა მელიამ.

XS
SM
MD
LG