Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის კანდიდატად საკუთარს თავს აყენებს


მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მუმლაძე
მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მუმლაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ სურს გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ამის შესახებ მან "ფეისბუკზე" დაწერა.

"ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!..

ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!" - წერს ის.

გიორგი მუმლაძემ რამდენიმე კვირის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ძალადობაში დაადანაშაულა.

"წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენზე, იმ ხალხმა, ვის გამოც თავი გამიწირია - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმს ველოდებოდი, არჩევნებზე ხმებს ვიცავდი, საპატიმროში დღეები გამიტარებია - ეს ადამიანები ჩემს ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ. ნიკა მელია თავის ხელქვეითებს მიუთითებდა, რომ უფრო მეტად ვეცემეთ", - უთხრა 26 სექტემბერს გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას.

ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს ამავე პარტიის წევრ გიორგი ჩალაძესაც.

საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.

იმავე საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.

მანამდე "TV პირველის" ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.

კიდევ უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილი "მოოლიგარქო ტიპია".

XS
SM
MD
LG