"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მზად არის გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე. მან "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სჭირდება დახმარება საერთო მიზნის - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
"მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით...
ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.
დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას!" - აცხადებს ჩალაძე.
საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.
იმავე საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.
"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.
მანამდე "TV პირველის" ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.
კიდევ უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილი "მოოლიგარქო ტიპია".