ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ ადამიანებს შორისაა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელმაც ბრიფინგი გამართა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები - აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, საბჭო და, რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები", - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
ამ ინიციატივას მიესალმება ამავე პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით კირკიტაძე.
"მათი მხრიდან, ვინც ეს წინადადება წამოაყენეს, ბუნებრივია, გამოსჭვიოდა სურვილი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული", - ამბობს დავით კირკიტაძე "ფორმულასთან".
პარტიის კიდევ ერთი წევრის, აკო მინაშვილის თქმით კი, ამ ბრიფინგის ჩატარება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ის ფორმა ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი ასე მოულოდნელად იქნა ჩატარებული. რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს...
მე არჩევნებთან დაკავშირებით ამ ადამიანებისგან ასეთი მკაფიო პოზიცია არ გამიგია. პირიქით, ყველაზე აქტიური, ვისაც სურდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო, ოღონდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი, რაც პარტიის მთავარი პრიორიტეტია, ნიკა მელია იყო. მისი იდეა და ინიციატივა იყო ყველა დონეზე არჩევნების ჩატარება", - ამბობს აკო მინაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.
"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.
მანამდე, "TV პირველის" ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.
კიდევ უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილი "მოოლიგარქო ტიპია".