"ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ მათ ოფისში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ განცხადებაში პარტია ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია "ქუჩური ტერმინოლოგიით". განცხადების მიხედვით, დაპირისპირება მოჰყვა "TV პირველის" ეთერით გავრცელებულ მასალებს, რომლებიც შეეხებოდა პარტიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტივისტებად ჩანერგილ ადამიანებს, რომლებიც ინფორმატორების ფუნქციას ასრულებდნენ.
ტელევიზიის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში დაფიქსირებული ხმა, "ნაციონალური მოძრაობაში" ერთ-ერთი აქტიური აქტივისტის ხმას მიამსგავსეს და იგი, გუნდის წევრებთან ერთად, პარტიის ოფისში დაიბარეს.
"ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში", - წერია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
გიორგი მუმლაძე, რომელიც ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სურვილი აკავშირებს, აცხადებს, რომ პარტიაში სუსის ინფორმატორად მისი თანამებრძოლი ლაშა ხუსკივაძე მიიჩნიეს და ისინი ამ საკითხის განსახილველად დაიბარეს პარტიაში.
"უნდა გაგვერკვია ეს საკითხი, მთელ ორგანიზაციას მოგვეცხო ჩირქი. რომ შევედით, რაც აწუხებდა თქვა - სოციალურ სივრცეში რა დღეში ვარ და რატომ ვარ პროვოკატორი. ამაზე მიიღო ჩემგან სიტყვიერი პასუხი, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რითაც შევძელით დავიცავით თავი", - ამბობს მუმლაძე.
მისი თქმით, მათ პროვოკაცია არ მოუწყვიათ, მათზე ფიზიკურ ძალადობას კი დაადასტურებს პარტიის შენობაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუ ამას "ნაციონალური მოძრაობა" გაასაჯაროებს.
"წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენზე, იმ ხალხმა, ვის გამოც თავი გამიწირია - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმს ველოდებოდი, არჩევნებზე ხმებს ვიცავდი, საპატიმროში დღეები გამიტარებია - ეს ადამიანები ჩემს ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ. ნიკა მელია თავის ხელქვეითებს მიუთითებდა, რომ უფრო მეტად ვეცემეთ...
ამას ვებრძვი მთელი ცხოვრებაა - უსამართლობას, ზონდერებს, ადამიანების ჩაგვრას. ის ადამიანები, ვის გაძლიერებაშიც მე თავად მაქვს მიღებული მონაწილეობა, ჩემზე რომ ამ დღეში არიან, ისინი რომ ხელისუფლებაში მოვლენ, რა დღეში ჩააგდებენ. ასეთი ადამიანები უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან", - ამბობს პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე, გიორგი მუმლაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადების ერთი ნაწილი ნიკა მელიას საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობას შეეხება. პარტია აცხადებს, რომ ამ დროს გიორგი მუმლაძემ, ჯგუფთან ერთად, შეურაცხყოფა მიაყენა მელიას მძღოლს.
"რომ მივედით, ერთ-ერთი მძღოლი შეგვხდა, რომელიც ოფისში ყველაზე აგრესიული იყო და გვირტყამდა - ეს ადამიანი გადახტა, გაიქცა და დაგვიწყო ლანძღვა - ჩვენი მხრიდან იყო სიტყვიერი შელაპარაკება, სხვა არაფერი ყოფილა. მეორე ადამიანთან, რომელიც მას ახლდა, ჩვეულებრივი კომუნიკაცია გვქონდა", - ამბობს გიორგი მუმლაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიზიკური დაპირისპირების შესახებ წყაროზე დაყრდნობით შეკითხვა" TV პირველის" წამყვანმა ნიკა მელიას, 24 სექტემბერს დაუსვა. მელია თქვა, რომ ეს იყო "იდეათა ჭიდილი".