Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზრდილია მოთხოვნა ქართულ პასპორტებზე" - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დასავლეთში ვეღარ გაემგზავრებიან


ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონაში მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტებით შესვლა აიკრძალა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონაში მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტებით შესვლა აიკრძალა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელები ევროკავშირს „მსოფლიოში გადასაადგილებლად“ საკუთარი პასპორტების აღიარებას სთხოვენ მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები შენგენის ზონაში აიკრძალა. იგივე ვითარებაა ცხინვალშიც.

ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა ის ნაწილი, რომელმაც საზღვარგარეთის პასპორტი, ადგილზე, რუსეთის უკანონო საელჩოებში აიღო. მათ აღარ აძლევენ შენგენის ვიზას და, შესაბამისად, აღარც ევროკავშირის ქვეყნებში შეუშვებენ. არადა, გული მათ აშკარად დასავლეთისკენ მიუწევთ - შვილებს იქ ასწავლიან, მშობლები, და-ძმები, მეგობრები იქ ჰყავთ.

  • რას უპასუხებს სოხუმს ევროკავშირი?
  • რა გამოსავალი არსებობს რუსული ოკუპაციით ჩაკეტილი წრიდან?

9 ნოემბერს, როცა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის თანათავმჯდომარეებს ხვდებოდა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარსა და გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს აკრძალულ პასპორტებსა და „მსოფლიოში გადაადგილების თავისუფლების“ შეზღუდვაზეც ჩამოუგდო ლაპარაკი.

„ამ კონტექსტში აქტუალური ხდება აფხაზეთის ეროვნული პასპორტების აღიარება მსოფლიოში გადასაადგილებლად გამოსადეგ დოკუმენტებად“, - ასეთია ტუჟბას პოზიცია, რომლის გამყარებასაც კოსოვოსთან დაკავშირებული მაგალითით ცდილობს და გადადგილების თავისუფლებით „ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაზეც“ ამახვილებს ყურადღებას.

„ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს“, - უთხრა სტუმრებს ტუჟბამ.

„[ევროკავშირის გადაწყვეტილება] არ არის მიმართული აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგ და უკავშირდება რუსეთის პოლიტიკას“, - ასე ციტირებენ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს აფხაზური წყაროები.

გაუფასურებული რუსული პასპორტი აწუხებთ ცხინვალის რეგიონშიც. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი, ადგილობრივი, მსოფლიოს მიერ აუღიარებელი მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობასა და რუსულ პასპორტებსაც ფლობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე აცნობიერებენ, რას კარგავენ რუსეთის პოლიტიკის გამო

„ევროპული ქვეყნები აფხაზეთს არ ცნობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსული პასპორტების დახმარებით ხალხს შეეძლო ევროპაში გამგზავრება, ნათესავებთან შეხვედრა. ჩვენი სტუდენტები სწავლობდნენ ევროპაში, ხალხს შეეძლო ემოგზაურა ევროპაში, ბიზესკავშირების გასაბმელად ჩასულიყვნენ და .. ახლა კი გამოდის, რომ აფხაზეთი მოწყვეტილია ევროპას და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოს. ცხადია, გარდა მცირე რაოდენობის იმ ქვეყნებისა, რომლებიც აღიარებენ ჩვენს პასპორტებს , - ამბობს ერთ ერთი რესპონდენტი გამოკითხვაში, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ახლახან სოხუმის ქუჩაში ჩაატარა.

ცხინვალში ჩატარებული ასეთივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ იქაურებს არა მხოლოდ ევროპაში გამგზავრების, არამედ თურქეთსა თუ სომხეთში გამგზავრების პერსპექტივის გაქრობა და სრული იზოლაციაც აშინებთ, რადგან ევროკავშირმა მათი პასპორტები პრაქტიკულად ძალადაკარგულად გამოაცხადა.

540 ხმით 6-ის წინააღმდეგ - რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით გადაადგილების აკრძალვას ევროპარლამენტმა ოქტომბერში დაუჭირა მხარი და ევროკომისიას სპეციალური ბაზის შედგენისკენაც მოუწოდა.
მანამდე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების მფლობელებს არ მისცენ შენგენის ზონის ვიზა და აქედან გამომდინარე - მოგზაურობის უფლება.
ევროკავშირის ევროპული საბჭო 10 ნოემბრის განცხადებაში განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხებს რუსეთის „არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ და „ეს შედეგია ასევე რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებისა 2008 წელს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის პასპორტები დასავლეთში ისედაც გაუფასურდა. ევროკავშირმა სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ევროპის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებს სამოგზაუროდ აღარ უშვებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმუქრებიან კიდეც

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთში გაწვრთნილი, კრემლის მთავარი მოკავშირე - ინალ არძინბა ევროპული ფულით დაფინანსებულ პროგრამებს „ტვინის გამორეცხვასა“ და „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ სდებს ბრალს. მაისიდან მან აფხაზეთში არაერთი ასეთი პროექტი დახურა და ცალკეული პირები პერსონა ნონ გრატადაც გამოაცხადა.

ერთი მხრივ, ისინი ახორციელებენ ვითომ ჰუმანიტარულ პროექტებს, მეორე მხრივ, არ ცნობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს. ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. აშკარაა, რომ ყველა ამ ჰუმანიტარული პროექტისა და პროგრამის საბოლოო მიზანია საშინაო პოლიტიკაზე, ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა და აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლა.
მეორეც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ, გავლენას მოახდენს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც დაფინანსებას ევროკავშირიდან იღებენ, - ამბობს არძინბა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა გამოსავლის ძიება თავადაც დაიწყეს და ბოლო კვირებში, პირადად მასაც, ცხინვალიდან შეკითხვებით არაერთი ნაცნობი მიმართავს.

„ამჟამად ძალიან ბევრია იქიდან [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან] ჩამოსული, საქართველოს პასპორტებისა და მოქალაქეობის მიღების იმედად. ეს მოთხოვნა შეუდარებლად არის გაზრდილი ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტუაცია გადატყდა და ყველამ დაინახა, როგორ გაუჭირდა რუსეთს უკრაინასთან ომში. მე ცხინვალის მიმართულებით მაქვს მჭიდრო კავშირები, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის მიმართულებითაც იგივე სიტუაციაა“, - ამბობს ბენდიანიშვილი და აღნიშნავს, რომ მისმა ორმა ნაცნობმა გასულ კვირაში განაახლა საქართველოს ძველი პასპორტები. ექსპერტი ასევე ამბობს, რომ გაზრდილი მოთხოვნა მას თანამდებობის პირმაც დაუდასტურა.

ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს საზღვარგარეთ გამგზავრება საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული ე.წ. სტატუსნეიტრალური პასპორტების საშუალებითაც შეუძლიათ. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს პასპორტი მათ მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ზურაბ ბენდიანიშვილს ეეჭვება, რომ საქართველოს სახელმწიფო პასპორტს იოლად აძლევს, ანდა უნდა აძლევდეს ნებისმიერ მსურველს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რადგან „ამ ხალხს ძირითადად საზღვარგარეთ სამუშაოდ უნდა წასვლა“ და შეუძლებელია „სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ ადამიანის ნამოქმედარზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციას უჭერს მხარს“.

რას სთავაზობს თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს?

ამ შეკითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადაგვამისამართეს, ხოლო იქ იუსტიციის სამინისტრო გვირჩიეს. იუსტიციის სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს კიდევ უფრო დააფიქრებს და მით უფრო ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობა სულ უფრო დამაჯერებელი ხდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG