ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას. ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო 540 ხმით 6-ის წინააღმდეგ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერ გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვრებს.
ევროპარლამენტმა ევროკომისიას მიმართა, წევრ სახელმწიფოებთან გამართოს კონსულტაციები რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სიის შესადგენად.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.